ანა ანდღულაძე

fullDatetime-to-read.short-label

1921 წლის კონსტიტუცია, როგორც საქართველოს კონსტიტუციონალიზმის „პირველი მერცხალი“

1918 წლის 26 მაისს, კვირას, ნაშუადღევს, 5 საათსა და 10 წუთზე საქართველო იშვა თავის ქვეყანაში,იშვა მსოფლიოში ნაციონალურად,ინტერნაციონალურად.ლოგიკურიცაა,რომ სუვერენიტეტის მოპოვებამ წარმოშვა საჭიროება მისი გამთლიანებისა,რისი ფუნქციაც კონსტიტუციამ შეასრულა.სწორედ ასე განვითარდა მოვლენები საქართველოში,დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ძირითადი კანონი–პირველი კონსტიტუცია.

ქართველი კონსტიტუციონალისტები ძალიან რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდნენ,მათ მოუხდათ, არაფერზე დაყრდნობით და მხოლოდ სხვა სახელმწიფოების გამოცდილების გათვალისწინებით, ჩამოეყალიბებიათ სახელმწიფო მოწყობის რესპუბლიკური ფორმა. ყველაფერს ართულებდა ის ფაქტიც,რომ 16 თებერვალს საბჭოთა ჯარებს უკვე გადმოკვეთილი ჰქონდათ საქართველოს სამხრეთი საზღვარი,მაგრამ საამაყოა ის გარემოება,რომ ქართველების განწყობა არ იყო დამარცხების გარდუვალობით განმსჭვალული,რომლის მტკიცებულებადაც ისევ და ისევ გამოგვადგება 21 თებერვლის კონსტიტუცია,რომელმაც მოახერხა, „მემკვიდრეობითი ჯაჭვის“ წყალობით ყოფილიყო საფუძველი შემდგომ მიღებული კონსტიტუციებისა.

რაც უნდა გასაკვირი იყოს,გამოუცდელმა, ახლადჩამოყალიბებულმა და უკვე ტყვეობისთვის განწირულმა ქვეყანამ მოახერხა, შეექმნა კანონი,რომელიც სრულიად პასუხობდა ევროპული ქვეყნების მიერ დაწესებულ სტანდარტებს,რომელშიც განმტკიცებულია ადამიანის უნივერსალური ხასიათის საყოველთაო თავისუფლებები და უფლებამოსილებები.აღსანიშნავია,რომ როგორც წესი,კონსტიტუციებში ყოველთვის წინამორბედი პოლიტიკური რეჟიმის პირობებში წარმოქმნილი,წინამორბედ რეჟიმთან დაკავშირებული საფრთხეები აისახება,ჩვენს შემთხვევაშიც, საყოველთაო ნგრევისას ძირითადი კანონი აღმოჩნდა საფუძველი ადამიანზე სახელმწიფოს ზრუნვის ვალდებულებისა,რათა მოსახლეობა არ აღმოჩენილიყო „იმ სიბნელეში“,რომელიც არც ისე შორეული წარსული იყო და,რომელიც,საბოლოოდ, გარდაუვალი აღმოჩნდა. სწორედ ზემოთქმულის გათვალისწინებით, ანდრაშ შაიო აყალიბებს მოსაზრებას,რომ კონსტიტუცია არ არის აბსტრაქტული იდეების არამედ, ,,შიშის პირმშოა.“

ლეგიტიმურობის შედეგობრივი თეორიის მიხედვით,კონსტიტუციონალიზმი არა მარტო სახელმწიფოს მოწყობის საკითხებს ეხება,არამედ უფრო მეტად სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის მოწყობას,შესაბამისად, ფოკუსი ხელისუფლების ბოროტად გამოყენების საწინააღმდეგოდ წმინდა იურიდიული გარემოდან პოლიტიკურ გარემოებებზე გადადის,სწორედ ამიტომ მოგვევლინა 1921 წლის კონსტიტუციის მთავარ მიზნად საზოგადოებრივი სიმშვიდის შენარჩუნება.“კონსტიტუციების საზრუნავი, ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების ძირითადი კანონით დაწყებული დღემდე, არის სახელმწიფოს ძირითადი ორგანოებისა და დაწესებულებების ურთიერთობა. თუ ამ საბაზისო მოწყობის შექმნის პროცესში გათვალისწინებული იქნება კონსტიტუციონალიზმის პრინციპები, მაშინ ეს ურთიერთობა წარმოქმნის ბარიერების ისეთ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა თავისუფლების უპირატეს უზრუნველყოფას.“

გასაკვირი არ იქნება,თუ ვიტყვი,რომ 21 თებერვლის კონსტიტუციაც განმსჭვალული არის თავისუფლების დიდი იდეით,რომლისთვისაც ადამიანი ნამდვილი და ზოგადსაკაცობრიო მონაპოვარი,ძირითადი და სოციალური ღირებულებაა თავისი უფლებებით,რომელიც ადამიანის სუბსტანციის შენარჩუნების ერთადერთი თუ არა, ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმია.

რელევანტურია,გამოვყოთ საქართველოს პირველი უზენაესი კანონის ის მთავარი მახასიათებლები,რომლებიც აქცევს მას ღირებულად. როგორც ჩანს,კანონმდებლებმა გადაწყვიტეს, გაეთვალისწინებიათ ყველა ის პრინციპი,რომლებიც არის გარანტი დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობისა:

· „უფლებრივი სახელმწიფოს იდეა“– სამართლებრივი სახელმწიფოს ექვივალენტი.

· „ხალხოსნური“ სახელმწიფოს იდეა,რომელიც განამტკიცებს ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმის არსებობას კონსტიტუციაში.

· სეკულარული სახელმწიფოს პრინციპი უზრუნველყოფს ხელისუფლებისა და ეკლესიის უფლებამოსილებათა გამიჯვნას.

· პიროვნების ხელშეუვალობის აღიარება, უპირველესად კი სიკვდილით დასჯის გაუქმება.

· უზენაესი კანონი ქადაგებს სქესობრივად ნეიტრალურ და არადისკრიმინაციულ პოლიტიკას. საყურადღებოა ის ფაქტი,რომ ის გვევლინება ქალთა უფლებების გარანტორად,რომელმაც მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს მისცა უფლება, მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში.ტოლერანტულ სულზე მიანიშნებს კანონის მე-4 თავი,რომელიც დაეთმო ეროვნულ უმცირესობათა უფლებებს.

· თანასწორობის პრინციპის გათვალისწინება–აიკრძალა ყოველგვარი წოდებრივი განსხვავებები და ხარისხის მინიჭება(გარდა აკადემიურისა). ასევე აღიარებულ იქნა ყველა სარწმუნოების თანასწორობა.

ჩემ მიერ ჩამოთვლილ მახასიათებლებს მივყავართ ერთ უმნიშვნელოვანეს დასკვნამდე,რომ 1921 წლის კონსტიტუცია არის არა მხოლოდ სამართლებრივი დოკუმენტი,არამედ უდიდესი პოლიტიკური და სოციალური დატვირთვის მქონე აქტი,რომელიც სცემს პასუხს იმ კითხვაზე,თუ როგორი სახელმწიფოს შენება უნდოდათ იმდროინდელ კონსტიტუციონალისტებს,რომლებმაც გადმოსცეს „ის მომავლის საზოგადოება“, ხედვა თუ პროგრამა,რომლის შენება რამდენიმე ათეული წელი გადაიდო,მაგრამ როგორც აღვნიშნე, დამოუკიდებლობის მეორედ მოპოვების შემდეგ,როცა აუცილებელი გახდა უზენაესი კანონის შემუშავება, კანონმდებლებს აღარ მოუწიათ სხვა ქვეყნების გამოცდილებით ხელმძღვანელობა,რადგან ჩვენ გაგვაჩნდა 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია,რომელსაც უდიდესი მნიშვნელობის როლი მიუძღვის საქართველოს სახელმწიფოებრიობის თუ კონსტიტუციონალიზმის ისტორიის ჩამოყალიბება–განვითარებაში.

ანა ანდღულაძე

    1060
    2