• საბა პეტრიაშვილი

არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობა


არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპი, როგორც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ქვაკუთხედი


2015 წლის 12 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელშიც ქართველმა კანონმდებელმა პირველად გაითვალისწინა არასრულწლოვნის საკუთესო ინტერესების პრიორიტეტულობის ფუნდამენტური პრინციპი მართლმსაჯულების აღსრულებისას, რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების უზენაეს პრინციპს წარმოადგენს.[1] აღნიშნული კოდექსის თანახმად, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები განმარტებულია, როგორც არასრულწლოვნის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და სხვა ინტერესები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებისა და არასრულწლოვნისინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, აგრეთვე მისი აზრის გათვალისწინებით განისაზღვრება.[2] აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ კანონმდებელიამომწურავად არ განსაზღვრავს თუ რა იგულისხმება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებში და მის შეფასებას კონკრეტული შემთხვევის თავისუბრებათა გათვალისწინების პირობით სამართალშემფარდებელს ანდობს, რაც აღნიშნული პრინციპის ქმედითობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა, ვინაიდან მაგალითისთვის, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, უპირველესად ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას, ხოლო ამ უკანასკნელისსისრულეში მოყვანა შეუძლებელი იქნებოდა თუკი სამართალშემფარდებელს კანონმდებლობა შებოჭავდა საუკეთესო ინტერესების მკაცრად განსაზღვრული დეფინიციით და არ მისცემდა საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინების შესაძლებლობას.[3] სწორედ აღნიშნული მოსაზრების ერთგვარ ლოგიკურ გაგრძლებას წარმოადგენს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებსა და ინდივიდუალურიშეფასების ანგარიშს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მიდგომის არსებობა აუცილებელია ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის, რადგან არ შეიძლება ვისაუბროთ განვითარებულ სახელმწიფოზე იქ, სადაც არ ხდება ბავშვთა უფლებების გათვალისწინება ცხოვრების ყველა სპექტრში და სამართალშემფარდებლისთვის უცხოა ,,საუკეთესო ინტერესების“ ტესტი, რომლის უმთავრეს მიზანსაც არა დამსჯელობითღონისძიებათა დაუსრულებელი გამოყენება, არამედ მათ ნაცვლად დანაშაულის ჩამდენი ბავშვების რეინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში, უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეული გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა უნდა ენიჭებოდეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს, საქმის ინდივიდუალურ გარემოებათა გათვალისწინებით, რაც უმეტესად განპირობებულია იმით, რომ არასრულწლოვნები სრულწლოვნებისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან თავიანთი ფიზიკური და გონებრივი განვითარების დონით, ემოციური მდგომარეობითა თუ განათლების საჭიროებით, რაც რიგ შემთხვევებში ამარტივებს მათზე ზეგავლენის მოპოვების შესაძლებლობასა და შემდგომში დანაშაულის იარაღად გამოყენებას. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა ქართულ რეალობაში - ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევებში ბავშვებს არ აქვთ შესაძლებლობა სწორად მოახდინონ მათი შესაძლებლობების რეალიზება. ოჯახში მძიმე მატერიალური თუ ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ზოგიერთი ადრეული ასაკიდან ხდება ძალადობის შემწსრე, რაც შემდგომში იწვევს მათში აგრესიის დაგროვებას, რომელსაც ისინი შემდგომში უკვე საზოგადოების მიმართ ავლენენ. ამასთან ხშირია ადრეულ ასაკში საგანმანათლებლო დაწესებულებების დატოვების შემთხვევათა რიცხვი, უსახლკაროდ დარჩენა და სხვა მთელი რიგი ფაქტორები, რაც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს არსრულწლოვანზე და აძლევს ბიძგს გაუაზრებლად ჩაიდნოს სისხლისსამართლებრივად დასჯადი არაერთი ქმედება. სწორედ ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალსიწინებით, სასიცოცხლოდ მნიშნელოვნია, რომ ბავშვთა საუკეთესო ინტერესების განსაზღვრისას სამართალშემფარდებელმა გაითვალისწინოს მისი პიროვნება, ვითარება, ოჯახური მდგომარეობა, სურვილები, სავარაუდო შედეგი, რომელსაც განაჩენი მოახდეს მის განვითარებასადა კეთილდღეობაზე და სხვა მიზეზ-შედეგობრივად დაკავშირებული საკითხები. აღნიშნულის საილუსტრაციოდ შეიძლება მოვიყვანოთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 23 მარტის განაჩენი, საქმეზე #1/ბ-165-16, სადაც სასამართლომ მიუთითა შემდეგი: ,,სასჯელის დანიშვნის დროს პალატამ გაითვალისწინა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი და ინდივიდუალურიშეფასების ანგარიში. კერძოდ, დანაშაულის ჩადენის დროს ზ. ყ. იყო არასრულწლოვანი - 16 წლის, ცხოვრობს დედასთან ერთად, ნაქირავებ ბინაში. ამასთან, დედა მუშაობს სხვა ქალაქში და მათ ყოველდღიური ურთიერთობა არ გააჩნიათ. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ზ. ყ. მოტივირებული ახალგაზრდაა, გასათვალისწინებელია ასევე მისი ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მას სურს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელება, ემზადება ინგლისურში.”

ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპი ეხება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის ფარგლებში მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას სამართალდამცავ ორგანოსთან ბავშვის პირველი კონტაქტიდან სასჯელის მისჯისა და სასჯელის შემდგომი მომსახურების, განსაკუთრებით კი თავისუფლებააღკვეთილ ბავშვებზე შემდგომი ზრუნვის ჩათვლით. ყველა ქმედებაში, რომელიც ბავშვს ეხება და, მიუხედავად იმისა, ეს ხორციელდებასაჯარო თუ კერძო სოციალური კეთილდღეობის ორგანიზაციის მიერ, სასამართლოს, ადმინისტრაციული ორგანოების თუ საკანონმდებლოპირების მიერ, ბავშვის საუკეთესო ინტერესი ყოველთვის პირველ წიგში უნდა იყოს გათვალისიწინებული,[4] ამ დროს კი გადაწყვეტილების მიმღებებმა უნდა გაითვალისწინონ მისი პიროვნება, სურვილები, ვითარება, ოჯახური მდგომარეობა, სავარაუდო შედეგი, რომელსაც განაჩენი მოახდენს მის განვითარებასადა კეთილდღეობაზე, და სხვა შესაბამისი საკითხები. რეკომენდებულია, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა მოუსმინოს ბავშვის პოზიციას, რაც იქნება საფუძველი ყველაზე საუკეთესო ინტერესის დასადგენად. ბავშვის ყველაზე საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს ძირითადი საკითხი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სხვა ინტერესები მოიცავს საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და ბრალდებულისუფლებებს. [5]

საგულისხმოა, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განხორციელებისას, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა ასაბუთებდეს თუ რა მხრივ გაითვალისწინა მან არასრულწლოვნისსაუკეთესო ინტერესები, შესაბამის ნორმაზე მშრალი მითითება არ შეიძლება იყოს ქმედითი მექანიზმი აღნიშნული პრინციპის სასამართლო პრაქტიკაში სრულად რეალიზებისათვის, რის გამოც ობიექტური მსჯელობის განვითარება და გამოყენებულისაშუალების განმაპირობებელი თითოეული გარემოების დასაბუთება ერთ-ერთი აუცილებელი კრიტერიუმია გადაწყვეტილების მიღებისას, რასაც აღნიშნულ ნორმათა ტელეოლოგიური განმარტება განაპირობებს. უნდა ითქვას, რომ ქართულ სასამართლო პრაქტიკაში ამ მხრივ, სამწუხაროდ, ორივე სახის გადაწყვეტილებებს ვხვდებით, მაგალითისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ივნისის განაჩენში, საქმეზე #1/2469-16 მკაფიოდ ასაბუთებს თუ რა მხრივ მოხდა ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება კონკრეტულ შემთხვევაში მაშინ, როდესაც იგივე სასამართლო 2016 წლის 8 იანვრის განაჩენში საქმეზე #1/3950-15, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებზე მხოლოდ ზოგადი მითითებით შემოიფარგლება.

ამდენად, უდავოა, რომ ბავშვთა მართლმსაჯულების კოდქსში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპის გათვალისწინება საერთაშორისო კანონმდებლობასთან დასაახლოებლად კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია ბავშვთა ინტერესებზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის არსებობა, რამეთუ ეს უკანასკნელნიხშირ შემთხვევაში ვერ იზარებენ მათ მიერ ჩადენილი ქმედების მნიშვნელობას, რის გამოც გაუმართლებელია მათი ქმედებათა ისეთივე დასჯადობა, როგორც ეს შესაძლოა სრულწლოვანი პირის შემთხვევაში გვქონდეს სახეზე. დემოკრატიული და სამართლებრივისახელმწიფოს ფუნდამენტური პრინციპებიდან გამომდინარე, სამართალი უნდა იყოს სამართლიანი, ხოლო სამართლიანობა ვერ მიიღწევა შემთხვევასთან მხოლოდ ნორმის მისადაგებით, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას ეხება. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპი არის ის ქმედითი მექანიზმი, რასაც სისრულეში მოჰყავს ეს უკანასკნელიდა პასუხობს არაერთი საერთაშორისო აქტით აღიარებულ ძირითად სახელმწიფოებრივ პრინციპებსა და მათ მოთხოვნებს.

ავტორები: საბა პეტრიაშვილი და ანუკი გელაშვილი


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის

მეორე კურსის სტუდენტები


______________________________________________________________________

გამოყენებული ლიტერატურა


1. ავტორთა კოლექტივი, სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, მეორე გამოცემა, თბილისი, 2016 წ.

2. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი.

3. ბავშვის უფლებათა კონვენცია.

4. ევროპის საბჭოს სტრატეგია ბავშვთა უფლებების შესახებ, 2016- 2021 წ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 23 მარტის განაჩენი, საქმეზე #1/ბ-165-16

6. საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ივნისის განაჩენი, საქმეზე #1/2469-16.

7. საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 იანვრის განაჩენი, საქმეზე #1/3950-15.

8. ჰამილტონი ქ. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკანონმდებლო რეფორმის სახელმძღვანელო მითითებები, 2011 წ.

[1] ავტორთაკოლექტივი, სისხლისსამართლის ზოგადინაწილი, მეორეგამოცემა, თბილისი, 2016 წ. გვ. 658. [2] იხ. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, მუხლი 3.4. [3] იხ. ბავშვის უფლებათაკონვენცია, მუხლი 3.1. [4] იხ. ევროპის საბჭოსსტრატეგია ბავშვთაუფლებების შესახებ, 2016- 2021 წ. გვ. 14. [5] ჰამილტონი ქ. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკანონმდებლო რეფორმის სახელმძღვანელო მითითებები, 2011 წ. 35 გვ.