top of page
მარიამ ბაღდავაძე

აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის საკანონმდებლო უფლებამოსილების დელეგირების პრობლემა პანდემიის დროს



პანდემია 2020 წლიდან 21-ე საუკუნის უდიდესი გამოწვევა აღმოჩნდა. Covid-19-ის გლობალურმა გავრცელებამ რიგი საკითხები სამართლებრივი თვალსაზრისით წინა პლანზე წამოწია. ბოლო პერიოდში განხილვის ობიექტი გახდა ის მექანიზმები, რომლებიც აქტუალურად გამოიყენებოდა/გამოიყენება სახელმწიფოთა მიერ ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, მაგ: კომენდანტის საათი, სავალდებულო კარანტინი, იზოლაცია, საქალაქთშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტის შეჩერება, საზღვრების ჩაკეტვა და ა.შ.

გარდა სხვა მნიშვნელოვანი პრობლემებისა, რომლებიც ამჟამად განსჯის საგანს არ წარმოადგენენ, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ამ შეზღუდვების დაწესება მოითხოვს გარკვეულ ფორმალიზმს. მსგავსი რეგულაციების დაწესებისას წამოიჭრა საკითხი, თუ რამდენად უფლებამოსილი იყო საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება, დამოუკიდებლად მიეღო ეს გადაწყვეტილებები.

ეს საკითხი ადამიანის ნებისმიერი უფლების შეზღუდვის ჭრილში შეიძლება იქნეს განხილული. პრობლემა უმთავრესად ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან მიმართებითაა განსახილველი. ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს სახელმწიფოში ძალაუფლების გადანაწილებას საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას შორის, დემოკრატიული ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია. საკანონმდებლო უფლებამოსილება საქართველოს მაგალითზე მინიჭებული აქვს პარლამენტს, რომელიც იღებს/ასწორებს/აუქმებს კანონს. შესაბამისად, საკითხავია, რამდენად მისაღებია დემოკრატიულ სახელმწიფოში მსგავსი უფლებამოსილების დელეგირება აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის და ამით საკუთარი ფუნქციის ფაქტობრივი გადაცემა, რითაც შესაძლოა დაირღვეს ბალანსი 3 ხელისუფლებას შორის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნავს: „საკანონმდებლო ხელისუფლების კონსტიტუციურ-სამართლებრივი შეზღუდვა გულისხმობს, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით“.[1]

აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ კანონი როგორც ფორმალურად (მიღების წესით), ისე მატერიალურად (შინაარსობრივად) უნდა იყოს კონსტიტუციის შესაბამისი. ფორმალურობის დარღვევასთან სწორედ მაშინ გვაქვს საქმე, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებები ხელისუფლების დანაწილების პრინციპის საწინააღმდეგოდ განისაზღვრება და მას საკანონმდებლო ფუნქცია ენიჭება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პრაქტიკით განამტკიცებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც დაუშვებელია საკანონმდებლო კომპეტენციის დელეგირება. მათ შორისაა ის გამონაკლისიც, რომლის დროსაც „გარკვეული უფლებამოსილების დელეგირებით საქართველოს პარლამენტი თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებაზე ამბობს უარს“[2].

ე.ი აშკარაა, რომ საგანგებო მდგომარეობის გარეშე პარლამენტისაგან დამოუკიდებლად, ერთპიროვნულად მთავრობის მიერ რეგულაციების დაწესება ცალსახად არღვევს როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს, ისე ზოგადად ხელისუფლების დანაწილების პრინციპს და საფრთხეს უქმნის ადამიანის ძირითად უფლებებს მათი არალეგალურად შეზღუდვის მეშვეობით. რა თქმა უნდა, აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ საგანგებო მდგომარეობის დაწესების პერიოდში აღმასრულებელი ხელისუფლება არაა უფლებამოსილი საკანონმდებლო უფლების შეთავსებისათვის, რაც 2020 წლის 21 მარტის შემდეგ პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის საფუძველზე ხდებოდა. შესაბამისად, ამჟამად განსჯის საგანს წარმოადგენს არა ზოგადად, არამედ საგანგებო მდგომარეობის გარეშე საკანონმდებლო უფლებამოსილების აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის დელეგირების პრობლემა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2021 წლის 11 თებერვალს გამოიტანა გადაწყვეტილება[3], რომელშიც აღნიშნულია: „სადავო ნორმებით გათვალისწინებული დელეგირება არის დროებითი ხასიათისა და არა განუსაზღვრელი ვადით მინიჭებული”. ამას გარდა, სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ერთგვარად არიდებს თავს, გასცეს პასუხი კითხვაზე, თუ რამდენად შეესაბამება მსგავსი უფლებამოსილების მინიჭება მთავრობისათვის კონსტიტუციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტს, რადგან აქ განსაზღვრულია უფლების შეზღუდვა მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, რაც განსახილველ სიტუაციაში, სამწუხაროდ, არ იკვეთება. მ


იუხედავად ამისა, აღნიშნული გადაწყვეტილება მოიცავს განსხვავებულ აზრსაც (ავტორი: გიორგი კვერენჩხილაძე), რომლის მიხედვითაც სასამართლოს ასეთი ზედაპირული მიდგომა წარმოადგენს ხელისუფლების დანაწილების პრინციპის უგულებელყოფას და მნიშვნელოვან საფრთხეს შეიცავს სახელმწიფოსათვის. მართლაც, აღნიშნული საკითხი პრობლემურია და მან, შესაძლოა, სახელმწიფო მიიყვანოს სავალალო შედეგებამდე:

· საკანონმდებლო ორგანო დაკარგავს თავის რეალურ ფუნქციას

· აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის მსგავსი უფლებამოსილების მინიჭება გამოიწვევს მათი მხრიდან ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების საფრთხეს

· დაირღვევა ბალანსი სახელისუფლებო შტოებს შორის, რაც საფრთხის ქვეშ დააყენებს დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობას

და მაინც, იმისათვის, რომ ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავე და მასშტაბური არ გახდეს, აუცილებელია, საკონსტიტუციო სასამართლოების მიერ უფლებამოსილების განხორციელება მოხდეს უფრო ეფექტურად, რათა ბევრად რეალურად შეფასდეს არსებული საფრთხეები/რისკები, ვინაიდან მსგავსი საკანონმდებლო უფლებამოსილების დელეგირების კონსტიტუციურობის გადაწყვეტა სწორედ ამ ორგანოს კომპეტენციაა და თუ არა შესაბამისი ფაქტების ობიექტური შეფასება, არალეგალური შეზღუდვების დაწესების ხანგრძლივობა შესაძლოა კიდევ დიდხანს გაგრძელდეს.



ავტორი: მარიამ ბაღდავაძე


გამოყენებული ლიტერატურა:

1.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის N1/7/1275 გადაწყვეტილება

საქმეზე − საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების

ეროვნული კომისიის წინააღმდეგ, II-32

2. საქართველოს საკონსტიტუციოსასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის N1/1/1505,1515,1516,1529 გადაწყვეტილება საქმეზე − პაატა დიასამიძე, გიორგი ჩიტიძე, ედუარდ მარიკაშვილი და ლიკა საჯაია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის N3/1/659 გადაწყვეტი-

ლება საქმეზე − საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ



202 views0 comments

Comments


bottom of page