top of page

გენდერული საარჩევნო თანასწორობა - მსოფლიოს მნიშვნელოვანი გამოწვევა

გვანცა შონია


„ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია როგორც პოლიტიკურ, ისე სამოქალაქო, ეკონომიკურ და საოჯახო უფლებებით“.- ეს 1921 წლის კონსტიტუციის 39-ე მუხლია. ამგვარი ჩანაწერი პირველ ქართულ კონსტიტუციაში ცხადყოფს, რომ საქართველოში ქალისა და მამაკაცის თანაბარი უფლებრივი მდგომარეობის კონსტიტუციურ დონეზე უზრუნველყოფა კონსტიტუციონალიზმის სათავეებშივე აქტუალური იყო.

დღესდღეობით გენდერული საარჩევნო თანასწორობა როგორც საქართველოს, ასევე მთელი თანამედროვე მსოფლიოს მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. რადგანაც თანასწორობის უფლება თანამედროვე საარჩევნო სამართლის ფუძემდებლური პრინციპია, მისი რეალიზება ახდენს უდიდეს გავლენას სახელმწიფოში მიმდინარე დემოკრატიულ და სამართლებრივ პრინციპებზე. სქესობრივი თანასწორობა საარჩევნო თანასწორობის მნიშვნელოვანი კომპონენტია.

საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოს მასშტაბით ქალთა საპარლამენტო წარმომადგენლობა, როგორც ბიკამერალური, ასევე უნიკამერალური სისტემის პირობებში, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ნელა, თუმცა სტაბილურად იზრდება: 4,9% - 1960 წ., 5,4% - 1970 წ., 8,7% - 1980 წ., 9,1% - 1990 წ., 11,9 % - 2000 წ., 16,3% - 2005 წ. 2008 წლის 30 ნოემბრის მონაცემებით ერთპალატიან და ორპალატიან საკანონმდებლო ორგანოებში ქალთა საერთო წარმომადგენლობის პროცენტულმა მაჩვენებელმა 18, 6 %-ს მიაღწია. რეგიონულ დონეზე, ამერიკაშიც და ევროპაშიც კი, ქალები ორპალატიან და ერთპალატიან წარმომადგენლობით ორგანოებში იკავებენ საპარლამენტო ადგილების მხოლოდ 21,7%-ს და 21,2%-ს. ქალთა საშუალო საპარლამენტო წარმომადგენლობა ევროპაში 19,3%-ზეა (სკანდინავიური ქვეყნების გარდა), ეს მაჩვენებელი კი თითქმის ისეთივე დაბალია, როგორც აზიაში (18,3%), და სუბსაჰარულ აფრიკაში (18,0%). წყნარი ოკეანის სახელმწიფოებსა (13,1%) და არაბულ სახელმწიფოებში (9,7%) ქალთა საპარლამენტო წარმომადგენლობის ყველაზე დაბალი საშუალო მაჩვენებელია.

ქალთა საპარლამენტო წარმომადგენლობის პროცენტულ მაჩვენებელზე გავლენას არაერთი ფაქტორი ახდენს. როგორც კვლევები აჩვენებენ, ერთ-ერთი ასეთი ფაქტორია საარჩევნო სისტემა. ის, თუ რომელი საარჩევნო სისტემის ოჯახს განეკუთვნება სახელმწიფო, მკვეთრად მოქმედებს აღნიშნულ ქვეყანაში ქალ პარლამენტართა რიცხვზე. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვლევის თანახმად, სახელმწიფოებში, სადაც პროპორციული საარჩევნო სისტემაა, ბევრად უფრო მაღალია ქალ პარლამენტართა რიცხვი, ვიდრე ქვეყნებში, სადაც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემაა. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ძალზედ გაიზარდა ქალ პარლამენტართა რიცხვი იმ სახელმწიფოებში, რომლებშიც პროპორციული საარჩევნო სისტემა დამკვიდრდა. ამავდროულად, ამ მხრივ მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, სახეზე გვაქვს ერთწევრიანი ოლქი, თუ მრავალწევრიანი ოლქი. როგორც წესი, ერთწევრიანი ოლქი მიიჩნევა ნაკლებ ხელსაყრელად ქალ კანდიდატთათვის, ვიდრე მრავალწევრიანი ოლქი.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ქალ პარლამენტართა რიცხვზე, არის გენდერული კვოტირება. გენდერული კვოტები მიიჩნევა ეფექტურ მექანიზმად ქალთა საპარლამენტო წარმომადგენლობის გასაზრდელად. ბოლო პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით უამრავმა სახელმწიფომ გაატარა რეგულაციები კვოტების შესახებ. დღესდღეობით თითქმის 50 სახელმწიფოში დაკანონებულია გენდერული კვოტები. სახელმწიფოთა უმრავლესობაში კი სახეზე გვაქვს ნებაყოფლობითი გენდერული კვოტები. დაკანონებული გენდერული კვოტები ქვეყნის კონსტიტუციითა და სხვა სამართლებრივი აქტებით წესრიგდება და ისინი სავალდებულოა თითოეული პარტიისთვის, რომელიც წარადგენს კანდიდატს ან კანდიდატთა ჯგუფს არჩევნებზე. არგენტინა პირველი ქვეყანაა, რომელშიც გვხვდება კვოტირება 1991 წელს და მის ამ ნაბიჯს უამრავმა სახელმწიფომ მიბაძა 90-იან წლებში. დღესდღეობით ლათინური ამერიკის უამრავ სახელმწიფოში, სადაც დაკანონდა გენდერული კვოტირება, ქალთა საპარლამენტო წარმომადგენლობა გაიზარდა 20%-დან 40%-მდე. ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოებში უახლეს პერიოდამდე გენდერული კვოტირება არაპოპულარული იყო. ზოგიერთმა ევროპულმა სახელმწიფომ საბოლოოდ უარი თქვა გენდერული კვოტების დაკანონებაზე. ჯერ-ჯერობით ევროსაბჭოს 10 წევრ სახელმწიფოში მოქმედებს სავალდებულო პარტიული კვოტები. ევროსაბჭოს 30 სახელმწიფოში ერთ ან მეტ პარტიაში მოქმედებს ნებაყოფლობითი გენდერული კვოტები. ნებაყოფლობით გენდერულ კვოტებს შეუძლია, იქონიოს დიდი გავლენა ქალთა წარმომადგენლობაზე, მაგრამ, ამ შემთხვევაში, უდიდესი მნიშვნელობა აქვს შიდაპარტიულ პოლიტიკას. დღესდღეობით ევროპის რამდენიმე ქვეყანაში „მწვანე პარტიათა“ პარტიულ სიაში გვხვდება ქალებისთვის 50%-იანი კვოტა, ზოგიერთ პარტიებში მოქმედებს ე.წ. „ზიპირების სისტემა“, ზოგიერთმა პარტიამ კი აირჩია 20-40%-ს შორის მერყევი გენდერული კვოტა.

საქართველო განეკუთვნება იმ სახელმწიფოთა კატეგორიას, რომელშიც პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის ხარისხი დაბალია. მაშასადამე, არსებითი მნიშვნელობისაა შესაბამისი ღონისძიებების გატარება. საქართველომ გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად მიიღო არაერთი სამართლებრივი აქტი და გაატარა შესაბამისი ღონისძიებები. სამართლებრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო საკანონმდებლო დონეზე პარტიათა ფინანსური წახალისების დანერგვა მათ მიერ პარტიულ სიებში ქალი კანდიდატების რაოდენობის გაზრდის მიზნით. 2014 წლიდან კი იმ პარტიის დაფინანსება, რომელიც საარჩევნო სიის ათეულში 3 ქალ კანდიდატს შემოგვთავაზებდა, 30%-მდე გაიზარდა. ამგვარმა საკანონმდებლო ცვლილებებმა შედეგი მაინც ვერ გამოიღო, რადგან პოლიტიკური პარტიები საქართველოში ან არ იყენებენ ნებაყოფლობითი კვოტების ამ სისტემას ან თუ იყენებენ, ქალებს სიების ბოლოში, არაგამსვლელ პოზიციებზე წარადგენენ. აღსანიშნავია ჩანაწერი, რომელიც 2017-2018 წლების საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდა. კერძოდ, სახელმწიფოს დაეკისრა ვალდებულება, რომ გაატაროს განსაკუთრებული ზომები მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.

როგორც მსოფლიოს, ასევე საქართველოს უმნიშვნელოვანეს ამონაცანად რჩება, რომ გაიზარდოს არჩევნებში ქალ კანდიდატთა რიცხვი. როგორც პრაქტიკული ანალიზი ცხადყოფს, საქართველოში ნებაყოფლობითმა კვოტებმა შედეგი ვერ გამოიღო. საჭიროა, უფრო ქმედით სისტემაზე ფიქრი. კვოტები უნდა გახდეს ან სავალდებულო, ან დაინერგოს წახალისების უფრო მაღალი ფორმა. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ 2014 წელს NDI-სა და CRRC-ის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 68%-მა დაუჭირა მხარი პარლამენტში სავალდებულო კვოტების შემოღებას. აუცილებელია, მოხდეს მსოფლიო პრაქტიკის ანალიზი და დაინერგოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ქალ კანდიდატთა ჩართულობისთვის უფრო ხელსაყრელია. ცხადია, მხოლოდ სამართლებრივი ბერკეტებით ეს პრობლემა ვერ აღმოიფხვრება. ქალთა მოტივაციას ზრდის მათი კანდიდატად წარდგენის და შემდეგ არჩევის შესაძლებლობა. ამ შესაძლებლობის ხარისხი უნდა წახალისდეს შესაბამისი საარჩევო სისტემის ჩამოყალიბებითა და გენდერული კვოტირებით, თუმცა ქალთა ჩართულობისათვის ასევე აუცილებელია მეგობრული სოციო-ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური გარემოს შექმნა პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ. ამისათვის უნდა გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები და, უპირველესყოვლისა, უნდა გაიზარდოს შიდაპარტიული დემოკრატიის ხარისხი, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებითად მნიშვნელოვანია.



ავტორი: გვანცა შონია



გამოყენებული ლიტერატურა:

· ვენეციის კომისიის 79-ე პლენარულ სხდომასა და დემოკრატიული არჩევნების საბჭოს 28-ე შეხვედრაზე დაყრდნობით ჩამოყალიბებული დოკუმენტი - საარჩევნო სისტემების გავლენა ქალთა წარმომადგენლობაზე პოლიტიკაში

· „საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი“ - ავტორები: ვასილ გონაშვილი, გიორგი თევდორაშვილი, გიორგი კახიანი, ირაკლი კახიძე, გიორგი კვერენჩხილაძე, ნანა ჭიღლაზე

· „ქალები პოლიტიკაში:კვოტებით თუ მის გარეშე?“- ავტორი: ბაია პატარაია

Recent Posts

See All

Comments


ყველა უფლება დაცულია © ბექა მოსაშვილი 2019 

bottom of page