top of page

ვაჰან ბაიათიანი სომხეთის წინააღმდეგ

ანა მაზმიშვილი

Ø კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის გამო სავალდებულო სამხედრო სამახურზე უარი


მოცემულ სტატიაში განხილული იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ერთ-ერთი ცნობილი გადაწყვეტილევა ვაჰან ბაიათიანი სომხეთის წინააღმდეგ. ვაჰან ბაიათიანი იყო იეჰოვას მოწმე, რომელიც უარს აცხადებდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში მონაწილეობაზე კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის გამო, თუმცა, მზად იყო ვალდებულება მოეხადა ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურში. სომხეთში იმ დროისთვის არ არსებობდა ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური, რომელიც იქნებოდა სამხედრო კონტროლისა და ზედამხედველობისგან თავისუფალი. იმის გამო, რომ ვაჰანმა უარი განაცხადა სავალდებულო სამხედრო სამსახურზე, მის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნდა და მოხდა მისი დაკავება.

ეს იყო პირველი საქმე, როდესაც სასამართლომ განიხილა მე-9 მუხლის გამოყენებადობის საკითხი კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირის მიმართ. უფრო ადრე ადამიანის უფლებათა ევროპულ კომისიას მიღებული ჰქონდა რიგი გადაწყვეტილებები, რომლებშიც უარი ჰქონდა ნათქვამი მე-9 მუხლის გამოყენებაზე კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირების მიმართ, ვინაიდან კონვენციის მე-4 მუხლის მე-3 პარაგრაფის „ბ“ ქვეპუნქტი, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა არ წარმოადგენს იძულებით ან სავალდებულო შრომას, ჩამოყალიბებულია შემდეგი სახით: „სამხედრო ხასიათის ნებისმიერი სამსახური ან, კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის პირების შემთხვევაში, სავალდებულო სამხედრო სამსხურის ნაცვლად დაკისრებული სამსახური ქვეყნებში სადაც აღიარებულია მსგავსი უფლება, `. კეთილსინიდისერი წინააღმდეგობის უფლების აღიარების საკითხი კი მინდობილი იყო ხელშემკვრელი მხარის ნება-სურვილზე.შესაბამისად, გამორიცხული იყო მე-9 მუხლის გამოყენება ასეთი წინააღმდეგობის მქონე პირების მიმართ, რომელიც არ შეიძლებოდა განხილულიყო როგორც გარანტია, რომ პირი არ მიეცემოდა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების გამო. მიუხედავად იმისა, რომ უკვე არსებობდა პრაქტიკა, სასამართლომ ხაზი გაუსვა იმას, რომ სასამართლო ვერ განვითარდება და წავა წინ თუ უარს იტყვის დინამიკურ მიდგომასა და რეფორმაზე. მნიშნელოვანია კონვენცია განმარტებული და გამოყენებული იყოს იმგვარად, რომ კონვენციით გარანტირებული უფლებების დაცვა იყოს არა თეორიული, არამედ ეფექტური და პრაქტიკული.

კონვენცია ცოცხალი ორგანიზმია და უნდა იქნეს განმარტებული თანამედროვე მოვლენებისა და დემოკრატიულ ქვეყნებში არსებული მიდგომების ფონზე. იგი უპირველესად არის ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემა, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ხელშემკვრელ სახელმწიფოებში არსებული ცვლილებები და შეუსაბამოს თავისი მიდგომა ქვეყნებს შორის არსებულ კონსესუსს.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ფორუმებზე განვითარებულ მოვლენებზე, კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის პირების აღიარებასთან მიმართებით. ყველაზე მნიშნელოვანი მათ შორის არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის განმარტება სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-18 მუხლის დებულებებისა, რომლებიც მსგავსია კონვენციის მე-4 და მე-9 მუხლებისა.

თავიდან კომიტეტიც, კომისიის მსგავსად, არ მოიაზრებდა კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირთა უფლებას რელიგიის თავისუფლების ქვეშ, თუმცა შეცვალა თავისი მიდგომა 1993 წელს გაკეთებულ კომენტარში. ევროპის საბჭოს მხოლოდ 4 წევრს, სომხეთთან ერთად, არ ჰქონდათ აღიარებული ამ პირთა სტატუსი.შესაბამისად, იმ დროისთვის უკვე არსებობდა კონსესუსი ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა შორის, რომელთა უმრავლესობას უკვე ჰქონდა აღიარებული ამ პირთა უფლებები როგორც კანონით, ასევე პრაქტიკაში.

ზემოაღნიშნულიდან და კონვენციის, როგორც ცოცხალი ინსტრუმენტის პრინციპიდან გამომდინარე სასამართლომ დაასკვნა, რომ მე-9 მუხლის ინტერპრეტირებასთან დაკავშირებით, აუცილებელი იყო გარკვეული ძვრები და მისი განმარტება მე-4 მუხლის მე-3 პარაგრაფის „ბ“ ქვეპუნქტთან მიმართებაში აღარ შეიძლებოდა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მე-9 მუხლი პირდაპირ არ ეხება კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლებას, სასამართლომ დაადგინა, რომ სამხედრო სამსახურისადმი წინააღმდეგობა, მოტივირებული სერიოზული და გადაულახავი კონფლიქტით სამხედრო სამსახურის ვალდებულებასა და პირის სინდისის, ან ღრმა და ჭეშმარიტ რელიგიურ, ან სხვაგვარ რწმენას შორის, წარმოადგენს საკმარის, სერიოზულ და მნიშვნელოვან საფუძველს იმისათვის, რომ მოექცეს მე-9 მუხლის დაცვის ქვეშ. განმცხადებლის მდგომარეობიდან გამომდინარე, მე-9 მუხლი გამოყენებადად მიიჩნია სასამართლომ.

სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელი გასამართლებულ იქნა იმდროინდელი სისხლის სამართლის კოდექსით, რომლითაც განსაზღვრულია სასჯელი სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების გამო. სომხეთის იმდროინდელი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა ალტერნატიული სამსახურის შესაძლებლობას. კონსტიტუციისა და სამხედრო პასუხისმგებლობის შესახებ აქტი ავალდებულებდა ყველა მამაკაცს, 18-დან 27 წლამდე, შეესრულებინა სამხედრო სამსახური (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ფიზიკურად შეუეფრებლად იქნებოდა მიჩნეული). მაშინ, როდესაც ევროსაბჭოს, თითქმის, ყველა ქვეყანაში იყო შესაძლებელი ალტერნატიული სამსახურის გავლა, მოცემულ სახელმწიფოს ენიჭებოდა შეფასების უფრო ვიწრო, შეზღუდული ზღვარი და ნებისმიერი სახის შეზღუდვა უნდა დაესაბუთებინა „გადაუდებელი საზოგადოებრივი/ სოციალური აუცილებლობით“.

მოცემული დროისთვის, სომხეთში არსებული სამართლებრივი სისტემა ისეთ ვალდებულებას აკისრებდა საკუთარ მოქალაქეებს, რომელსაც პოტენციურად სერიოზული ზეგავლენის მოხდენა შეეძლო კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირებზე, მაშინ, როდესაც ასეთი წინააღმდეგობის მქონე პირებს არ ეძლეოდათ შესაძლებლობა, თავიანთი რწმენის შესაბამისად მოეხადათ ალტერნატიული სამსახური და განმცხადებლის მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირებს უწევდათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაშე წარდგომა. ასეთი სამართლებრივი სისტემით ირღვეოდა სამართლიანი ბალანსი საზოგადოებრივ და ინდივიდუალურ ინტერესებს შორის. სასამართლოს თვალსაზრისით, განმცხადებლისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება, მაშინ, როდესაც არ ხდებოდა მისი მწვავე რელიგიური რწმენის და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო, როგორც აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ განმცხადებლის მიმართ სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოების მომენტისთვის, სომხეთს ოფიციალურად ჰქონდა აღებული ვალდებულება (ევროპის საბჭოში მიღების სანაცვლოდ), რომ შეიმუშავებდა ალტერნატიული სამსახურის ინსტიტუტს.აღნიშნული პირობა სომხეთის ხელისუფლებამ შეასრულა განმცხადებლის შეწყალების შემდგომ, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში იყო სომხეთის ოფიციალურ რეფორმების პოლიტიკასთან განეხორციელებინა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ალტერნატიული სამსახურის დასაშვებად და შესაბამისად, განმცხადებლის სისხლის სამართლის პასუხიმგებლობაში მიცემა არც გადაუდებელი საზოგადოებრივი აუცილებლობით იყო გამოწვეული. აქედან გამომდინარე, აღნიშნული გადაწყვეტილება იყო მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ სასამართლომ გადაუხვია უკვე დამკვიდრებულ პრაქტიკას და დაადგინა მეცხრე მუხლის დარღვევა.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ სომხეთმა შესწორება შეიტანა ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესახებ კანონში, რომელიც 2013 წლის ოქტომბერში შევიდა ძალაში.


ავტორი: ანა მაზმიშვილი


თსუ იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი


___________________________________________________________________________________________


გამოყენებული ლიტერატურა:

1) CASE OF BAYATYAN v. ARMENIA (Application no. 23459/03)

2) წიგნი „რელიგიის თავისუფლება საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობით“.

Recent Posts

See All

Comments


ყველა უფლება დაცულია © ბექა მოსაშვილი 2019 

bottom of page