თავდებობა სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულების ერთ-ერთი სახეა. ხელშეკრულების სუბიექტები არიან თავდები, კრედიტორი და მესამე პირი. თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს კრედიტორის ვალდებულების შესასრულებლად. იმისათვის რომ თავდებობის ხელშეკრულება გაფორმდეს მესამე პირს უნდა ჰქონდეს ვალდებულება კრედიტორთან. იმ შემთხვევაში კი თუ იგი ვერ შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას თავდებზე გადადის ხელშეკრულების შესრულების მოვალეობა.
თავდებობა არის აქსესორული უფლება. ხელშეკრულება თავდებობის შესახებ არ იდება განცალკევებით, იგი ყოველთვის ერთვის სხვა ხელშეკრულებას. ხელშეკრულება მოთხოვნის პიროვნული უზრუნველყოფის საშუალებაა, ვინაიდან ამ შემთხვევაში თავდები პირადად აგებს პასუხს მოვალის მიერ კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის. იგი არის კრედიტორისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილების დამატებითი გარანტი. თავდებობის ხელშეკრულების დასადებად მარტივი წერიობითი ფორმა უნდა იყოს დაცული. გარდა ამისა ძირითად ხელშეკრულებაში უნდა იყოს განცხადება თავდებობის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება არ არის ნამდვილი.
თავდებობის განსხვავებული სახეები არსებობს. პრაქტიკაში გამოყოფილია სტანდარტული და სოლიდარული თავდებობა. სტანდარტული თავდებობის დროს თავდებს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას. მოცემული თავდებობის მაგალითი იშვიათად გვხვდება პრაქტიკაში ვინაიდან თავდები ხშირ შემთხვევაში მოვალის ახლობელია და თავდებს აქვს შესაძლებლობა განსაზღვროს თუ როდის არსებობს გადახდისუუნარობის საფრთხე. გარდა ამისა კრედიტორი ვალდებულია თავდებს აცნობოს მოვალის ვალდებულების დარღვევის შესახებ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თავდებობის ხელშეკრულების დადებისას თავდები ხელშეკრულებით არ იღებს არავითარ სარგებელს. შესაბამისად შესაძლებელია თავდებმა გადაიფიქროს სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნა და ხელშეკრულებიდან გავიდეს. შესაბამისად სტანდარტული თავდებობა კრედიტორისათვის ნაკლებად სანდოა.
რაც შეეხება სოლიდარულ თავდებობას, აღნიშნულ შემთხვევაში თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს კრედიტორისაგან მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელლობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. მოცმულ შემთხვევაში კრედიტორს აქვს საშუალება მარტივად დაიკმაყოფილოს მოთხოვნა ვინაიდან არ არის სავალდებულო სასამართლოში წასვლა, გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, აღსრულების ეროვნულ ბიუროში მისვლა და იძულებითი აღსრულების დაწყება. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით კრედიტორი თავს არიდებს სხვადასხვა პროცედურებსაც და ამ შემთხვევაში დაცულობის მაღალი სტანდარტი გვხვდება.
თავდებობის ფარგლები არ უნდა აღემატებოდეს თავდებობის დოკუმენტში მითითებულ ზღვრულ თანხის ოდენობას. თავდებობის ხელშეკრულებისას ასევე ხდება ვადის გათვალისწინება. იმ შემთხვევაში თუ უვადოდ იდება თავდებობის ხელშეკრულება თავდებს აქვს უფლება შეწყვიტოს ხელშეკრულება თუმცა ამისათვის მან უნდა დაიცვას სამ თვიანი ვადა. თუ ხელშეკრულება დადებულია ხუთ წელზე მეტი ვადით, ხუთი წლის შემდეგ სამთვიანი ვდის დაცვით თავდებს ასევე აქვს ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება.
თავდებს აქვს არა მარტო შესაგებლის წამოყენების უფლება დავის არსებობის შემთხვევაში, არამედ მოვალის კოთვნილი შესაგებლისაც ძირითადი ვალდებულებებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ თავდები თავად არ არის ძირითადი ხელშეკრულების მონაწილე. აღნიშნულ შემთხვევაში თავდებზე უშაუალო ზეგავლენას ახდენს დავა შესაბამისად კანონით აღნიშნული საკითხი დარეგულირებულია.
სტატიის ავტორი: გურამ ლექვინაძე
ჩვენი ბიუროს იურისტი
Comments