(ანდაზის სამართლებრივი ინტერპრეტაცია ბავშვის მიმართ ძალადობის კონტექსტში).
,,შვილი რომ მტრულად გაზარდო, მოყვრულად გამოგადგება“- ამ კონცეფციამ მამათა და შვილთა დაუსრულებელი ბრძოლა გამოიწვია,რაც ხშირად ჰგავს ოჯახში დიდი ქართველი პოეტის ბესარიონ გაბაშვილის პოემის "რძალდედამთილიანის" პროტოტიპულ ინსცენირებას".
რამდენად პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, შვილი სწორედ იმ უკანასკნელ მამას ემსგავსება, რომელიც ადრე თავად იყო მსხვერპლი გაურკვევლობისა, ჩვენში ,,ყრმის წკეპლის ცემით კივილს რომ ეძახიან“ და ასე იწყება კვლავ ,,ბედნიერი ერის“ დაუსრულებელი აპოგეა (ე.ი. ტრაგიკომედია)..ამბავი სხვისი დამწიოკებელი ლუარსაბისა და დარეჯანისა...
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წლის „ბავშვის უფლებათა კონვენციამ“, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს მიერ, გარკვეულწილად ნამდვილად შეცვალა ბავშვებისადმი დამოკიდებულება, ამავე კონვენციის მე-19 მუხლის მიხედვით, კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების მიერ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, სოციალური და საგანმანათლებლო ღონისძიება, რომელიც მიმართულია ბავშვთა დაცვისკენ.
განსაკუთრებით პრობლემურია ბავშის უფლებების დაცვის საკითხი ოჯახური კონფლიქტების დროს, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებენ ოჯახის სხვა წევრებზე (განსაკუთრებით არასრულწლოვან პირებზე), იწვევენ მათი ფსიქიკისა და ცნობიერების დამახინჯებას, რაც მთლიანად საზოგადოებაში არაჯანსაღი სიტუაციის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
აღნიშნული პრობლემის დაძლევისათვის საზოგადოების აქტიურობას და საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების მიზანმიმართულ და ქმედით გამოყენებას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება.
საქართველოში ოჯახური ძალადობის აღკვეთის მიზნით მიღებულია ნორმატიული აქტი, ,,საქართველოსკანონიოჯახშიძალადობისაღკვეთის, ოჯახშიძალადობისმსხვერპლთადაცვისადადახმარებისშესახებ“, 2006 წლის 25 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ.ასევე აღნიშნული კანონიდან გამომდინარე საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს დაემატა VII3 თავი, რომელიც ოჯახში ძალადობის აღკვეთის თაობაზე ჩვენს სამართლებრივ სისტემაში თვისობრივად ახალი დამატებითი სამართლებრივი მექანიზმების შემოღებას ითვალისწინებდა – დამცავი და შემაკავებელი ორდერების სახით.
უშუალოდ ბავშვის უფლებათა და თავისუფლებათა რეალიზაციის გარანტორი, ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“, საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით 2019 წლის 20 სექტემბერს მიიღო, საბედნიეროდ, 2020 წლის 1 -ლი სექტემბრიდან კი ეს უკანასკნელი ძალაში შევიდა. ამ კოდექსის მიზანია ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობით.
თუმცა მხოლოდ საკანონმდებლო რეგულირება როდია პრობლემის აღმოფხვრის საფუძველი მაშინ როცა გარკვეულწილად განსხვავებულია სოციუმის ხედვა.
საზოგადოებაშიც თავისებურად აღიქვამენ ,,ბავშის უფლებათა კოდექსით“ გარანტირებულ ღირსების შეუვალობას, ბავშვის წამების, მისდამი სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენების დაუშვებლობას. ზემოხსნებულის ამტკიცებს ბავშვთა მიმართ ოჯახში ძალადობის თემაზე ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლებიც იმას თუ რა ,,უნდა იყოს“ ცვლის სასტიკი რეალობით-რა ხდება.
კერძოდ, ,,გაეროს ბავშვთა ფონდის“ კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობა სოციალური ნორმაა, მოქალაქეების 60% სწორედ მკაცრ, ავტორიტარულ მეთოდს იყენებს ბავშვების აღზრდისას, რასაც ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება.
რატომ ხდება ასე?!
პირველი, საზოგადოება დუმს სწორედ მაშინ, როცა ერთ დროს ბავშვობა წართმეული მშობელი დღეს საკუთარ ბავშვს ისევე აღიქვამს საკუთრებად როგორც მას აღიქვამდნენ.
მეორე, ქართულ ოჯახში ხშირად ბავშვი პიროვნებად არ არის აღიარებული, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მშობელი ბავშვს აღზრდის პროცესში აწვდის ქცევის იმ მოდელებს, რომლესაც ალტერნატივები არ აქვს. სწორედ ამიტომ, გაბატონებული მოდელისგან ნებისმიერი გადახვევა ითვლება დევიაციად, შესაბამისად გამართლებულია დასჯა.
მესამე, საყურადღებოა კარგი ბავშვის აღქმის პრობლემა, იმ შემთხვევაში თუკი შვილი მშობელს არ ჰგავს, არ არის მორჩილი, ერთი სიტყვით ,,იგი ისეთი არ არის, როგორიც არიან სხვები“, მაშინ აღზრდის ავტორიტარული სტილი და შესაბამისად ძალადობა მისაღებია, იმდენად რამდენადაც გამზადებულია ,,სწორი გზის“ ხედვა და ბავშვის კეთილდღეობის ფორმულები. ,,კარგი ცხენი ხომ მათრახს არ დაირტყამს არა“?!, აბა თუ არ სცემა, მაშინ სხვანაირად როგორ გააგებინოს? მაგრამ ,,ახლამოწვერილი ოცნებების შეშინება და დაფრთხობა ხომ ყველაზე დიდი დანაშაულია გულუბრყვილო მოტივით,თითქოს ასე უკეთეს ადამიანებს ვზრდიდეთ. შიშით დამჯერ ადამიანებს - საბოლოოდ, ან საცოდავებს, ან გაბოროტებულებს.’’ და სწორედ ასე დამკვიდრდა ქართულში შემდეგი სემანტიკური მნიშვნელობის სიტყვები ,,შემომელახა“, ,,თავი მაცემინა“, ,,ყური ამაწევინა“, ,,შემომეყვირა“..და სხვანი, რომლებიც ოსტატურად ცდილობენ მოძალადის პასუხისმგებლობის მსხვერპლზე დაკისრებას.
მეოთხე ,სოციუმს არ ესმის ბოროტების, არ ხედავს ბოროტებას, არ საუბრობს ბოროტებაზე, სანაცვლოდ იმისა, რომ მათი მამოტივირებელი ქცევა გარანტი იყოს,- ეს უკანასკნელი ავტორიტარული მოდელი ცვლილებების გარეშე თაობიდან თაობას გადაეცეს. საზოგადოებას არ სურს სტაგნაცია, მას მოსწონს სტატუს -კვო. შესაბამისად, მავანის ურჩი ბავშვი რომ თავისი იყოს, თითქოს არ ჰყოფნიდეს, ერთს კარგად მიბეგვავდა, უკეთეს შემთხვევაში-დასწყევლიდა, დაჰქოლავდა, დატუქსავდა.! ..
“სხვისი ჭირი-ღობეს ჩხირი”, არ მოგვწონს ეს გამოთქმა, არა? გამოთქმას ვინ ამბობს, როდესაც მასობრივი ჭირი - ,,საზარლად ფშვნადი ხმაურის სახით“ ყოველ წელს გამოწერილი აქვს საქართველოს , სამწუხაროდ, ყოველ წელს ასე იქნება და იქნება ბევრი, და იქნება დიდი, და იქნება იქამდე, სანამ სხვისი ჭირი ღობეს ჩხირად დარჩება მხოლოდ.
ამ მიზეზთა გამო, ჩვენ გარშემო იბადებიან ,,ჯაყოები’’-უკეთეს შემთხვევაში ყალიბდება ,,ყაჩაღთა და მოძალადეთა ბანდა“, ხოლო უარეს შემთხვევაში, ,,სუსტი’’ კვდება და კვდება იმიტომ, რომ მამას არ ჰგავს, ერთი სიტყვით თავს იკლავს და მათ გვამებს ვპოულობთ ყველგან! ან კიდევ ,,რამდენი ბავშვი მისულა თოკთან, ვერ გაუბედავს, მაგრამ დღემდე ყელზე აქვს ეს ყულფი- ეტყობა მათ თვალებს, ძალიან ეტყობა გაუგებარი და ბოროტი სასჯელი.“ ციციკორეების ქვეყნის რიგითი მოქალაქის მენტალიტეტის გამო, იმის გამო, რომ ბავშვის ტირილი, მოძალადის გინება, ცემის ხმა არ გვესმოდა...
ამ ტრაგიკომედიის მიღმა კი მთავარი ამბავი ის გახლავთ, რომ ჩვენგან ლაჩრულად ,,გმობილი სასტიკი კაცი ვერ არის ერთადერთი. სამწუხაროდ, ვერ არის. ერთადერთი კი არა, ათასთა შორისაა. ეს ათასები კი ირგვლივ დადიან და გვიღიმიან’’.. დიახ , ასე გაიღიმებენ იქამდე, სანამ შვილებს ყურს კი არ დაუგდებენ, აუწევენ, თითქოს ასე უფრო უკეთესები გაიზრდებიან.
ვფიქრობ, უფრო ზუსტია მიგნება უფროსისა და უმცროსის თანასწორად მოპყრობის დუმბაძისეული ვერსიისა:,, მე რომ შენხელა ვიყავი... მაშინ... ხო ვიყავი შენხელა?.. რა მნიშვნელობა აქ ვის მეტი ბალანი და ბუნდღა აქ თავზე?!-არაფერი...“
ზუსტად ასე გაიზრდებიან ჩემზე და შენზე უკეთესები. ასეთი შვილი კი მამას, მერწმუნეთ, ემჯობინება!..
ავტორი: თამარ სირაძე
________________________________________________________________________________________
გამოყენებული ლიტერატურა
· https://matsne.gov.ge/ka/document/download/2555086/0/ge/pdf(ნანახ.04.10.2020)
· https://www.gurianews.com/article/mtavari/peisbukstatusebi/giorgi-kekelidze-shvilebs-quri-daugdet-ki-ar-autsiot(ნანახ.04.10.2020)
· (ნანახ.03.10.2020)
· https://matsne.gov.ge/ka/document/view/4613854?publication=1(ნანახ.03.10.2020)
Comments