top of page
ქეთევან რაზმაძე

მართლზომიერი რისკი, როგორც მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოება



სისხლის სამართალში არის ბევრი ისეთი საკითხი,რომელიც დღესაც განხილვის საგანს წარმოადგენს და საკამათოა. ვფიქრობ,რომ სწორედ ერთ-ერთი ასეთია მართლზომიერი რისკი,რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კანონდმებლობით ცალსახად წარმოადგენს მართლწინააღდეგობის გამომრიცხველ გარემოებას. ამას ადასტურებს სისხლის სამართლის კოდექსის 31-ე მუხლი.

მართლზომიერი რისკის დროს,ადამიანი ახორციელებს ისეთ ქმედებას,რომლის დროსაც მოსალოდნელია ამა თუ იმ სამართლებრივი სიკეთის დაზინება,თუმცა ამას აკეთებს საზოგადოებრივად სასარგებლო მიზნის მისაღწევად. მართლზომიერ რისკს ახასიათებს თავისი პირობები,რომელთა საფუძველზეც დგინდება თუ ადამიანის ქმედება რამდენად ექცევა მართლზომიერი რისკის ფარგლებში.

პირველი პირობაა,რომ პირი უნდა მოქმედებდეს აუცილებლად საზოგადოებრივად სასარგებლო მიზნის მისაღწევად,ეს შეიძლება ფართო ცნებად მოგვეჩვენოს და დაგვჭირდეს დაკონკრეტება,თუ რა მოიაზრება საზოგადოებრივად სასარგებლო მიზანში, აქ იგულისხმება როგორც სახელმწიფო,საზოგადო ინტერესები,ასევე ინდივიდუალური სამართლებრივი სიკეთეებიც. ასევე პირის მიერ გაწეული რისკის გარეშე არ უნდა შეიძლებოდეს საზოგადოებრივად სასარგებლო მიზნის მიღწევა. აუცილებელია,რომ რისკის გამწევმა პირმა ქმედებამდე მიიღოს ყველა ზომა იმისათვის,რომ არ დაზიანდეს სამართლებრივი სიკეთე,მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება რისკი გამართლებული,ხოლო თუ არსებობდა მიზნის მისაღწევად სხვა ისეთი გზა,რომ სამართლებრივი სიკეთე არ დაზიანებულიყო და პირმა ეს არ გამოიყენა,მაშინ ასეთი სახის ქმედება უკვე ვეღარ გამართლდება მართლზომიერი რისკით და ბოლოს,სამართლებრივი სიკეთის დაზინება პირისთვის უნდა იყოს სავარაუდო და არა აუცილებელი,რაც იმას ნიშნავს,რომ პირი ამა თუ იმ სამართლებრივი სიკეთის დაზიანებას მხოლოდ ვარაუდის დონეზე უნდა უშვებდეს. სუბიექტური თვალსაზრისით რომ ვიმსჯელოთ,რისკის გამწევმა ის უნდა იცოდეს,რომ თავისი ქმედებით შეიძლება რაიმე სიკეთე საფრთხის ქვეშ დააყენოს,ხოლო ობიექტური პირობა მოცემულია სისხლის სამართლის კოდექსის 31-ე მუხლის მეორე ნაწილში,რომლის თანახმადაც ,, რისკი გამართლებულია, თუ ეს მიზანი არ შეიძლებოდა მიღწეულიყო რისკის გარეშე ქმედებით და თუ პირმა მიიღო ყველა ზომა სამართლებრივი სიკეთის დაზიანების თავიდან ასაცილებლად’’.

მართლზომიერი რისკის სიტუაციის დახასიათების კლასიკური მაგალითი,რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებენ არის სიუჟეტი რუსი მწერლის ლევ ტოლსტოის მოთხრობიდან ,,ზვიგენი’’,სადაც აღწერილია სცენა,როდესაც გემიდან მეზღვაური დაინახავს,რომ მის შვილს,რომელიც ზღვაში ცურავს უახლოვდება ზვიგენი,მეზღვაური სწორედ ამ დროს გარისკავს და ტყვიამფრქვევს დაუმიზნებს ზვიგენს,აღმოჩნდება,რომ ზვიგენს მართლაც მოხვდა ნასროლი ტყვია,ხოლო ბიჭი გადარჩა,თუმცა სანამ ამას დაინახავდა მეზღვაური,ეშინოდა,შემთხვევით შვილი ხომ არ მოკლა. აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ,რომ მეზღვაურის მიერ გაწეულმა რისკმა გაამართლა,თუმცა სავსებით შესაძლებელი იყო ეს შემთხვევა სხვანაირად დასრულებულიყო და ტყვია მის შვილს მოხვედროდა,მაგრამ მამა არც ამ დროს იქნებოდა დამნაშავე,რადგან ზვიგენი რომ მიახლოვებოდა ბავშვს,ის მაინც დაიღუპებოდა,მამის მოქმედებით კი გაჩნდა იმის შანსი,რომ შვილი გადარჩებოდა.

აღსანიშნავია,რომ მართლზომიერი რისკისას შესაძლებელია ადგილი ქონდეს როგორც თანამონაწილეობას,ასევე თანაამსრულებლობასა და შუალობით ამსრულებლობას.

როგორც უკვე აღვნიშნე,მართლზომიერი რისკის გაწევის დროს შესაძლებელია დაზიანდეს რომელიმე სამართლებრივი სიკეთე,თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლე,იგი წარმოადგენს გადაულახავ ზღვარს,რადგან იერარქიულად რომ დავალაგოთ სისხლის სამართლის დაცვის ობიექტები,ნათელია,რომ პირველრიგში ის იცავს ადამიანს,მის სიცოცხლეს და შემდეგ სხვა დანარჩენს,აქ პოვებს ასახვას კონსტიტუციის მთავარი მიზანიც. ასე რომ არავის აქვს უფლება ხელყოს უზენაესი ღირებულება. არცერთი სამართლებრივი სიკეთის გამო არ შეიძლება გავწიროთ ის. მათ შორის არც სხვა ადამიანის გამო,რადგან ერთი პირის სიცოცხლის გადარჩენა მეორეს გაწირვის ხარჯზე არ იქნება სწორი. ეს ვერც მოექცევა მართლზომიერი რისკის ფარგლებში.

თავიდანვე აღვნიშნე,რომ ეს საკითხი იყო ერთ-ერთი,რომელიც დღესაც საკამათოა, რადგან მოსაზრებები არაერთგვაროვანია. ჩემ მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეესაბამება ქართულ სისხლის სამართალს,იმიტომ რომ აქ აღიარებულია მართლზომიერი რისკი,როგორც მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოება,თუმცა სხვაგვარად ფიქრობენ გერმანულ სისხლის სამართალში,ვერ წყვეტენ უნდა იყოს თუ არა მართლზომიერი რისკი ერთ-ერთი გამამართლებელი გარემოება. ის არაა გათვალისწინებული გერმანულ სისხლის სამართლის კოდექსში,თუმცა ლიტერატურაში მაინცაა მოხსენებული როგორც პასუხისმგებლობის გამომრიცხველი ერთ-ერთი გარემოება.

და საბოლოოდ მინდა ვთქვა,რომ სრულად ვიზიარებ ქართულ სისხლის სამართალში აღიარებულ მოსაზრებას,რომ მართლზომიერ რისკს ნამდვილად უნდა ეკავოს ადგილი მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ გარემოებათა შორის,რადგან პირმა შეიძლება საფრთხეში ჩააყენოს რომელიმე სამართლებრივი სიკეთე,თუმცა ამით მიაღწიოს საზოგადოებრივად სასარგებლო მიზანს,რაც უფრო ღირებული და მნიშვნელოვანია. არ აქვს მნიშვნელობა,თუ რამ წარმოქმნა ეს საფრთხე,იგი შეიძლება მომდინარეობდეს ადამიანისგან,ცხოველისგან,სტიქიური უბედურებისგან და ა.შ.



ავტორი: ქეთევან რაზმაძე

ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი.




გამოყენებული ლიტერატურა:

1.სისხლის სამართალი,ზოგადი ნაწილი(მეოთხე გამოცემა),ავტორთა კოლექტივი

2.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

3.საქართველოს სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი(მეორე შევსებული და გადამუშავებული გამოცემა),ავტორი:მალხაზ ლომსაძე

4.ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი დელიქტები,ავტორი:თემურ ცქიტიშვილი.

613 views0 comments

Comments


bottom of page