• სალომე ჩაგუნავა

მე მოქალაქე


,,პრინცის ტირანია ფეოდალურ სახელმწიფოში საერთო კეთილდღეობისთვის ნაკლებ მავნებელია,ვიდრე მოქალაქის აპათია დემოკრატიულ სახელმწიფოში“.ეს სიტყვები ისტორიაში აღორძინების ეპოქის ერთ-ერთ მთავარ მოაზროვნეს შარლ ლუი დე მონტესკიეს ეკუთვნის.ტროპის ამ სახეობით, შესანიშნავადაა გამოხატული აქტიური მოქალაქეობის რელევანტურობა დემოკრატიული ტიპის სახელმწიფოში და უნდა ითქვას,რომ აქ დემოკრატიულობა ყველაფრის განმსაზღვრელია.თუ ის სახელმწიფო მართვის ისეთი ფორმაა,როდესაც მთელი ძალაუფლება უშუალოდ ხალხს ან წარმომადგენლებს ეკუთვნით,მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულებით ჩვენ მივიღებთ პარადოქსს და ეს იქნება დემოკრატია მოქალქეების გარეშე,როგორც ფანტასმაგორიული სცენარი.მაინც რა როლი უჭირავს მოქალაქეს დემოკრატიულ სახელმწიფოში? სად გადის ზღვარი უფლებებსა და მოვალეობებს შორის?

დავიწყოთ იქიდან,რომ დემოკრატიულ წეს-წყობილებას თავად მოქალაქეები ასაზრდოებენ. მთავარი პრივილეგია ამ შემთხვევაში ის გახლავთ,რომ მოქალაქეს შეუძლია, იყოს ე.წ. ,,დამკვირვებელი“, (აქტიური მოქმედიც,იმ უნარით,რომ შემოქმედებითად ჩაერიოს სახელმწიფოებრივი ცხოვრების განვითარების პროცესში) ხელისუფლების მიერ განხორციელებული თითოეული ქმედებისა და დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობის მაღალი ხარისხი იქნება გარანტი ხელისუფლების გაზრდილი პასუხისმგებლობისა ქვეყნის მართვის საკითხებში.მოქალაქეს გააჩნია უფლებები, თავისუფლებები და აკისრია ვალდებულებები და ეს უპირველესად ის მორალური ვალდებულებაა,რომლის თანახმადაც მან კონსტიტუციითა და კანონით მინიჭებული შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.ისეთ ქვეყნებში,სადაც საზოგადოება პასიურობს და აკონტროლებს საჯარო მოხელეების საქმიანობას,ხშირია შემთხვევები,როდესაც სახელმწიფო მოხელე არასათანადოდ ან საერთოდ არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს.

სახელმწიფო ხელისუფლების სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია,მისი ინსტიტუტების საქმიანობაზე საზოგადოებრივი ზედამხედველობა და კონტროლი.იქ, სადაც სახელმწიფო არეგულირებს საზოგადოებრივი საქმეების თითქმის ყველა ასპექტს,ანუ ტოტალიტარულ სამყაროში ხელისუფლების ანტაგონიზმი სამოქალაქო საზოგადოებისადმი კანონზომიერია,რადგან იგი მისი არსიდან გამომდინარეობს.


საჭიროა, გვახსოვდეს,რომ დემოკრატია არამხოლოდ უფლებას და შესაძლებლობას გულისხმობს,არამედ ის თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა. ,,დიქტატურა მყარდება, როდესაც სახელმწიფო იწყებს ფიქრს ადამიანების ნაცვლად და იმ საკითხების გადაწყვეტას,რომლებიც თავად შეუძლიათ“.მოქალაქეს საკუთარი ინტერესებისა და უფლებების სახელმწიფოსგან დაცვა მხოლოდ მაშინ შეუძლია, როდესაც ხელისუფლების შექმნისა და პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში თავად მონაწილეობს.


მოქალაქის ერთ-ერთი უმთავრესი როლი სოციალურ ცხოვრებაში არჩევნებში,რეფერენდუმსა და პლებისციტში მონაწილეობაა. მოსახლეობის გულგრილი დამოკიდებულება პოლიტიკური ცხოვრებისადმი,უარის თქმა სხვადასხვა დონის არჩევნებში მონაწილეობაზე,(ე.წ.აბსენტეიზმი) უშუალოდ დაბალი მოქალაქეობრივი მართლშეგნების მანიშნებელია და საფრთხე დემოკრატიული საზოგადოებისათვის.დემოკრატიის სიცოცხლისუნარიანობაზე მსჯელობისას,უთუოდ უნდა შევეხოთ ისეთ ფუნდამენტურ პრინციპს,როგორიცაა სახალხო სუვერენიტეტის პრინციპი,რომელიც გულისხმობს,რომ თითოეული მოქალაქე მონაწილეობს ხელისუფლების ფორმირებაში და ამით ჩართულია ხელისუფლების განხორციელების პროცესში.ვფიქრობ,რომ თითოეული მოქალაქის არა მარტო უფლება,არამედ მოვალეობაა,აქტიურად ჩაერთოს საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებში,ინტერესდებოდეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით,ხმამაღლა სვამდეს შეკითვებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში აქტიური მოქალაქეები მონიტორინგს უწევენ ხელისუფლებას ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე.

ისინი ახდენენ ხელისუფლებისა და საზოგადოების ყურადღების მობილიზებას კონკრეტული გადასაჭრელი საკითხების ირგვლივ.აზრის გამოსახატად მიმართავენ სხვადასხვა გზას: ააქტიურად იყენებენ მედია-საშუალებებს, აგრეთვე მართავენ საჯარო გამოსვლებსა და მშვიდობიან აქციებს.ხელისუფლების განხორციელებაში უშუალო მონაწილეობა,მათ შორის ადგილობრივ დონეზე ძალზე ეფექტურია.


ამიტომ,ცხადია,ადგილობრივ ორგანოებზე მოქალაქეთა რეალური წვდომა დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტია.როგორც უკვე აღვნიშნე,არჩევნები მოქალაქეთათვის ის ხელჩასაჭიდი ინსტრუმენტია,რომლის მეშვეობითაც მათ შესაძლებლობა ეძლევათ,თავადვე იყვნენ არჩეულნი ამა თუ იმ თანამდებობაზე და ამგვარად შეიტანონ თავიანთი წვლილი სახელმწიფოებრიობის განვითარებაში (პასიური საარჩევნო უფლება) ან აირჩიონ მათთვის სასურველი კანდიდატი (აქტიური საარჩევნო უფლება).

დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება შესაძლებლობაა მოქალაქისთვის ,რომ აქტიურ მოქმედებათა სპექტრი გაიფართოვოს.პოლიტიკურ პარტიებსა და ასოციაციებში გაერთიანებით,მას საშუალება აქვს,ჩამოაყალიბოს და განავითაროს იდეები,იმსჯელოს არსებული პრობლემების ირგვლივ,დასახოს მიზნები ან უბრალოდ იფიქროს,რა სიახლეების დანერგვას ისურვებდა სხვადასხვა სფეროში.


ამრიგად,მოქალაქემ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა ამოწუროს,რადგან სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობა და მაღალგანვითარებულობა სწორედ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებზეა დამყარებული. ,,ნუ იკითხავთ,რა შეუძლია გააკეთოს ქვეყანამ თქვენთვის.იკითხეთ,რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენ მისთვის“.


ავტორი: სალომე ჩაგუნავა

155 views0 comments