• ანა ჟღენტი

მოტყუებით დადებული გარიგება


გარიგება წარმოადგენს ცალმხრივ, ორმხრივ ან მრავალმხრივი ნების გამოვლენას, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. გარიგების ფუნდამენტს წარმოადგენს ნების გამოვლენა.

სამოქალაქო სამართალში მნიშნელოვანი ადგილი ეთმობა ნების გამოვლენას, თუმცა , რა თქმა უნდა, ყველანაირი ნების გამოვლენა არ იწვევს სამართლებრივ შედეგს, ის უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ პირობებს, კერძოდ, დაცული უნდა იყოს მატერიალური და ფორმალური წინაპირობები, მაგ. პირის ქმედუნარიანობა, ნების გამოხატვის სამართლებრივი ფორმა. ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის აუცილებელია, რომ ნება სამოქალაქო კოდექსით ან კანონით იყოს განსაზღვრული.

თანამედროვე სასამართლო პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც პირს გარიგების დადების მიზნით მოატყუებენ. აუცილებელია ასეთ შემთხვევაში ვიცოდეთ ჩვენი უფლებებისა და მოთხოვნების შესახებ.

რას წარმოადგენს მოტყუებით დადებული გარიგება?

როდესაც საუბარია მოტყუებით დადებულ გარიგებაზე, უპირველესად, უნდა გავარკვიოთ რას წარმოადგენს მოტყუება, და ,აქედან გამომდინარე, თავად ტყუილი. ტყუილად , სამართლის სფეროში, განიხილება არსებული რეალობის არასწორად გადაცემა მესამე პირისათვის. მოტყუება არის პირის განზრახ შეცდომაში შეყვანა. სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლი სწორედ მოტყუებით დადებულ გარიგებას ეხება. იმ შემთხვევაში, თუკი პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, მას აქვს უფლებამოსილება, მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა და ზიანის ანაზღაურება. აღნიშნული მოთხოვნის უფლება წარმოიშობა მაშინ, როდესაც აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.

მოტყუებაში არ იგულისხმება მხოლოდ აქტიური ქმედება, შესაძლოა მიზანმიმართულად დაიფაროს ის მონაცემები, რომლებიც აუცილებლად უნდა სცოდნოდა მეორე მხარეს, რაც არსებითად იმოქმედებს პირის მიერ გარიგების დადების შესახებ გადაწყვეტილების ფორმირებაზე.

როდესაც გარიგება მოტყუებით არის დადებული ამ შემთხვევაში სახეზეა საცილო გარიგება, ანუ ისეთი გარიგება, რომელიც ნამდვილია იმ მომენტამდე, სანამ მისი მონაწილე მხარეები არ მოითხოვენ გარიგების ბათილობას.

მოტყუებით დადებული გარიგება არ უნდა გავაიგივოთ შეცდომით დადებულ გარიგებასთან. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ მოტყუების შემთხვევაში ხელყოფა ხდება მეორე მხარის განზრახი მოქმედებით.

საინტერესოა, რომ 81-ე მუხლი ითვალისწინების ყველა სახის ნების გამოხატვას, კერძოდ, როგორც მიღებასავალდებულოს, ისე არამიღებასავალდებულოს, გაცხადებულის ან კონკლუდენტურის.

აღნიშნული სახის გარიგება ხშირად გვხვდება სავაჭრო გარიგებებში, როდესაც ცდილობენ სასაქონლო ფასის გაზრდას მოტყუებით.

მოტყუებით დადებული გარიგების დროს ორივე მხარის ინტერესია, რომ მიღწეულ იქნას თავდაპირველი მიზანი, თუმცა ეს მხოლოდ მოტყუებულის თავისუფალი გადაწყვეტილებით არ არის განპირობებული. მნიშვნელობა არ ენიჭება იმას, თუ რა ხერხით ხდება მოტყუება, მთავარი არის ის, რომ მეორე მხარე მიზანმიმართულად მოატყუეს.

აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, გარიგების ბათილობის მოთხოვნისათვის მოტყუება უნდა გახდეს გარიგების დადების გადამწყვეტი მოტივი, უნდა დამტკიცდეს, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.

სამოქალაქო კოდექსიში ასევე განხილულია დუმილით მოტყუებაც, რაც ნიშნავს იმას, რომ ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში მოტყუებული თავს შეიკავებდა გარიგების დადებისაგან.

ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ მოტყუების განზრახვა არსებობდა გარიგების დადების მომენტში. მაგ. როდესაც საუბარია სესხის მოტყუებით დადების შემთხვევაზე, მნიშვნელოვანია გაირკვეს, ჰქონდა თუ არა მსესხებელს თანხის სამუდამოდ დატოვების განზრახვა გარიგების დადებისას.

როგორც უკვე აღინიშნა, მოტყუებით დადებული გარიგების დროს, არის დელიქტური წესით ზიანის ანაზღაურების წინაპირობები და ზიანის ანაზღაურების წინაპირობები წინარე სახელშეკრულებო ურთიერთობიდან (culpa in contrahendo) გამომდინარე ვალდებულების დარღევიდან.

მომტყუებლის ქმედება, რომელიც საბოლოოდ ნების ნაკლს წარმოადგენს (ipso facto) მართლსაწინააღმდეგოა, რადგან ნების გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს აბსოლუტურ სიკეთეს.

მნიშნელოვანია განისაზღვროს მტკიცების ტვირთი მოტყუებით დადებული გარიგების დროს. იმ შემთხვევაში, როდესაც მოტყუება მეორე მხარის დუმილით არის გამოწვეული, შემცილებელმა უნდა დაამტკიცოს, რომ გარიგების დადებისას კონტრაჰენტისათვის გასამჟღავნებელი ფაქტები მისთვის ცნობილი იყო, ხოლო მეორე მხარე ვალდებულია ამტკიცოს, კონკრეტულად რა მომენტში შეასრულა თავისი გამჟღავნების ვალდებულება, სწორე ამ ეტაპის შემდეგ შემცილებელს შეუძლია გააქარწყლოს მტკიცებულება. მოტყუებულს აწევს მართლწინააღმდეგობის ცალკეული წინაპირობების, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის და განზრახვის მტკიცების ტვირთი.


ავტორი : ანა ჟღენტი

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის I კურსის სტუდენტი


გამოყენებული ლიტერატურა :

სამოქალაქო კოდექსის კომენტარი წიგნი 1 , თბილისი 2017.

ნორმატიული მასალა :

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი .


135 views0 comments