• Beka Mosashvili

მშობლის უფლების ჩამორთმევა და შეზღუდვა

#სასამართლოპრაქტიკა


თანამედროვე სასამართლო პრაქტიკისთვის სიახლეს არ წარმოადგენს მშობლის უფლებების შეჩერებისა თუ ჩამორთმევის გადაწყვეტილებები. მათი სიმრავლე განპირობებულია რიგი ფაქტორებით, კერძოდ: სოციალური, მენტალური, ეკონომიკური და სხვა. მშობლისათვის კანონით მინიჭებული უფლებების შეზღუდვა რეგულირებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.

კოდექსის 1205-ე მუხლის შესაბამისად, მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი სასამართლოს შეუძლია შეეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა უკანასკნელი ზომაა, რის შესახებაც გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან 14 წელს მიღწეული ბავშვის ინიციატივით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე მულის მეორე ნაწილით განსაზღვრულია ის წინაპირობები რომელთა არსებობის შემთხვევაშიც,სასამართლო უფლებამოსია ჩამოართვას მშობელს ყველა უფლება და მოვალეობა,კონკრეტულად, მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა), ან რომლის შვილიც მიტოვებულადაა აღიარებული, ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა. მითითებული მუხლი ადგენს ქცევების ზოგად ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია უფლება-მოვალეობათა ჩამორთმევა, თუმცა არ იძლევა განმარტებას, თუ რა შეიძლება იყოს ამორალური საქციელი, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვზე. კანონი ადგენს მშობლის ქცევის წესების ზოგად მორალურ და იდეურ პრინციპებს. სწორედ ამ პრინციპების რეალიზაცია უნდა დაედოს შვილების აღზრდას, თუმცა იმავდროულად უპირატესად უნდა იქნეს გათვალისწინებული ბავშვის ინტერესები. სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზითა და სტატისტიკური შეჯამებით, მშობლის უფლების შეზღუდვისა ან უფლება-მოვალეობების ჩამორთმევის არაერთი სასარჩელო მოთხოვნაა დაკმაყოფილებული. ჩემთვის ცნობილი გადაწყვეტილებების ანალიზით,რომლებიც ძირითადად გამოტანილია 2012-2017 წლებში რაიონული სასამართლოს მიერ, 28 მოთხოვნიდან 21 სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მშობლებს შეეზღუდა ერთი ან რამდენიმე უფლება ან სრულად ჩამოერთვა შვილის მიმართ ყველა უფლება და მოვალეობა. ყველაზე მნიშვნელოვანია, განისაზღვროს ის ფაქტობრივი გარემოებები რომელთა საფუძველზეც მოსარჩელე მოითხოვს უფლების შეზღუდვას, სასამართლო ყველა შემთხვევას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ინდივიდუალურად.

ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც მიღებულ იქნა 2012 წელს, სამტერედიის სასამართლომ განუხილველად დატოვა სარჩელი, ვინაიდან მოსარჩელემ საპროცესო კოდექსით დადგენილ ვადებში არ უზრუნველყო მოპასუხისთვის სარჩელის ჩაბარება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელობანი და საინტერესო გადაწყვეტილება აღნიშულ საკითხზე მიიღო ბათუმის საქალაქო სასამართლომ (საქმის ნომერი 820210012099009), რომლითაც არ დააკმაყოფილა მოსარჩელის, სოციალური მომსახურების სააგენტოს შუახევის რაიონული განყოფილების, მოთხოვნა მოპასუხისთვის მშობლის უფლება-მოვალეობების ჩამორთმევასთან დაკავშირებით. მოსარჩელემ წარმოადგინა მტკიცებულებად მოპასუხის მიმართ გამოტანილი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც იგი მსჯავრდებულად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში. სასამართლომ აღნიშნა რომ მართალია, მოპასუხის მიერ დგინდება აღნიშნული დანაშაული, მაგრამ არა თავისი შვილის მიმართ. სასამართლო განმარტავს, რომ რა თქმა უნდა ამორალურ ქმედებას წარმოადგენს შვილის გაყიდვა, თუმცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 172.2 მუხლის დისპოზიცია შეიცავს ორი სახის ქმედების შემადგენლობას, სახელდობრ არასრულოვნის გაყიდვას და არასრულწლოვნის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელებას შვილად აყვანის მიზნით, რაც დანაშაულის ამსრულებელმა შეიძლება ჩაიდინოს როგორც შვილის ასევე სხვა პირთა მიმართ. ამდენად, დასახელებული მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ფაქტი, მტკიცებულების გარეშე, არ მიუთითებს, რომ ქმედება შვილის მიმართ არის ჩადენილი.

აქედან გამომდინარე სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ქმედების მორალურობაზე და შეაფასოს წარმოადგენდა თუ არა ქმედება ზნეობრივი ნორმების საწინააღმდეგოს.სასამართლომ დამატებით განმარტა,რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებში არ იკვეთება და მტკიცდება სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობის ნამდვილობა.

მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო,რომლითაც ვერ დასტურდებოდა მოპასუხის ბრალეულობა 1206-ე მუხლთან მიმართებით,სასამართლომ 2013 წლის გადაწყვეტილებაში ასევე არ დააკმაყოფილა არასრულწლოვანი 14 წლის შვილის მოთხოვნა დედისათვის ყველა უფლება მოვალეობების ჩამორთმევასთან დაკავშირებით.მოსარჩელე აღნიშნავდა რომ მასა და დედას შორის მუდმივად იყო დაძაბული ურთიერთობა,დედა უკრძალავდა მამასთან და მის ნათესავებთან ურთიერთობას,ასევე გამოაგდო საცხოვრებელი სახლიდან და საქმის განხილვის მომენტამდე არ ჰქონია მასთან შეხება და კონტაქტი.სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება,რომ მოპასუხე თავს არიდებს ან არაჯეროვნად ასრულებს მშობლის უფლება მოვალეობებს,ვინაიდან აღნიშნული არ მტკიცდება მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით.შესაბამისად არ დააკმაყოფილა სარჩელი.

სასამართლომ ასევე არ დაკმაყოფილა სრულწლოვანი შვილის სარჩელი,რომლითაც იგი მოითხოვდა დედისთვის მშობლის უფლება მოვალეობების ჩამორთმევას,და დაბადების მოწმობაში დედის ნაცვლად ბებიის მითითებას.მართალია,ფაქტობრივი გარემოებებით მტკიცდებოდა რომ მოსარჩელე 2 წლიდან ბებიის ზრუნვით იზრდება და მასთან ცხოვრობს, მაგრამ ვინაიდან დავის განხილვისა და სარჩელის აღძვრის მომენტში მოსარჩელე უკვე სრულწლოვანი იყო, აღარ არსებობდა კოდექსის 1206-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, რომელიც ავალდებულებს მშობელს ჯეროვნად შეასრულოს ბავშვის რჩენის და აღზრდის მოვალეობა.

აღნიშნულის გარდა გამოვყოფდი ორ გადაწყვეტილებას,რომლითაც სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის სარჩელი მშობლის უფლება მოვალეობების შეზღუდვასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი გადაწყვეტილებით, ორივე მშობელს შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება მათი პატიმრობის განმავლობაში, ორივე იხდიდა სასჯელს სისხლის სამართლის დანაშაულისთვის. მოპასუხეებმაც ცნეს სარჩელი და შვილის მიმართ წარმომადგენლობითი უფლება მოვალეობები ანდეს ბაბუას. მეორე, სასამართლოს 2017 წლის გადაწყვეტილებით მშობელს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შეუზღუდა ბავშვის სრულწლოვანებამდე. უკვე არსებული 2016 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცოვრებელი ადგილი საფრანგეთში, თუმცა მოპასუხე არც ცნობდა აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რის შედეგადაც ბავშვი ვერ იღებდა პასპორტს და ვერ ახერხებდა საფრანგეთში გამგზავრებას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა,რომ მართალია მან თანაბრად უნდა დაიცვას ორივე მშობლის უფლებები, მაგრამ უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის ინტერესს. განსახილველ საქმეში ბავშვს ჰქონდა მიზანი და ხელი ეშლებოდა საკუთარი ნების განხორციელებაში.შესაბამისად,სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა და მამას შეუზღუდა წარმომადგენლობითი უფლება ბავშვის სრულწლოვანობამდე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,სასამართლოს მიერ ამ უფლებების შეზღუდვა დამოკიდებულია მხარის მიერ სათანადო სარჩელისა და მტკიცებულებების წარდგენაზე. პრაქტიკის მიხედვით, მშობლის უფლებების შეზღუდვა უმეტეს შემთხვევაში დაკმაყოფილდა ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. სასამართლოს არ აქვს წინასწარ დადგენილი მბოჭავი რეგულაციები, რომელსაც უდნა მოერგოს ყველა მისი სამომავლო გადაწყვეტილება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სწორად იქნეს ამ უფლებების სავარაუდო შეზღუდვის ფარგლები გაანალიზებული და გათვალისწინებული იქნეს ბავშვის საუკეთესო ინტერესები.


ავტორი: მარიამ ოღრაპიშვილი

ჩვენი საადვოკატო ბიუროს იურისტი

142 views0 comments