top of page
ნიკოლოზ თომასიანი

პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება



ადამიანის კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა არამართლზომიერი შეზღუდვა დაუშვებელია, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით უპირატესობა ყოველთვის უნდა მიენიჭოს უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვის ყველაზე მსუბუქ ფორმას.[1]

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება, ბრალდებულს პატიმრობა ან სხვა აღკვეთის ღონისძიება არ შეიძლება შეეფარდოს, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა შესაძლებელია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით.[2]

შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია ძალიან მკაცრად და ობიექტურად განიხილოს პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხი, ზუსტად შეაფასოს რომელი აღკვეთის ღონისძიება უზრუნველყოფს მიზნების მიღწევას და როგორც ითქვა ყოველთვის უპირატესობა მიანიჭოს უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვის ყველაზე მსუბუქ ფორმას.


რა შემთხვევაში გამოიყენება პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება?

პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ეს ერთადერთი საშუალებაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული

ა) ბრალდებულის მიმალვა და მის მიერ მათმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა;

ბ) ბრალდებულის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლა;

3) ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა.


საინტერესოა რა განმარტებებს აკეთებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პატიმრობის გამოყენების საფუძვლებთან დაკავშირებით და რამდენად მყარ დასაბუთებას ითხოვს იგი პატიმრობის გამოსაყენებლად.

მიმალვის საფრთხეზე საუბრისას, მხოლოდ მოსალოდნელ მკაცრ სასჯელზე მითითება არ არის საკმარისი საფუძველი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საფუძველი და ამას მოწმოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება. მიმავლის საფრთხეზე მსჯელობისას ყურადღება უნდა გამახვილდეს ბრალდებულის ქმედებებზე დაკავების პროცესში და მას შემდეგ, ხომ არ მომხდარა დაკავებისას პირის მხრიდან გაქცევის მცდელობა და ა.შ

საქმეში Tomasi v. France აღნიშნულია: ,,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ერთ მნიშვნელოვნად არ ცნობს ბრალდების სიმძიმეს, როგორც საკმარის პირობას საიმისოდ, რომ პირი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდეს“[3]

ასევე საქმეში Muller v. France სასამართლომ აღნიშნა: ,,ყოველთვის როდესაც ბრალდებულის წინასწარ პატიმრობაში დარჩენის მოტივად მიმალვის საფრთხეზე მიუთითებენ, აუცილებელია, რომ ეს საფრთხე სათანადო მტკიცებულებებით იქნეს დასაბუთებული. კერძოდ, საჭიროა იმის დამტკიცება, რომ ასეთი საფრთხე მართლაც რეალურია. ასეთი, რეალურობის დასამტკიცებლად კი არ არის საკმარისი მხოლოდ მოსალოდნელ მკაცრ სასჯელზე მითითება“.[4]

ასევე საკმაოდ საინტერესოა თბილისის სააპელაციო სასამართლოს N1გ/269 გადაწყვეტილება, რომლითაც მან არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა პატიმრობის გამოყენების თაობაზე და ბრალდებულს, რომელსაც ბრალი ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექსვე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 8-20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას შეუფარდა გირაო, 10000 ლარის ოდენობით.

სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისათვის ხელის შეშლა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე, არ უნდა იყოს აბსტრაქტული ხასიათის და ის უნდა ემყარეობოდეს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა ანალიზიც მსგავსი დასაბუთებული ვარაუდის გამოტანის საშუალებას მოგვცემდა. მხედველობაში უნდა მივიღოთ ასევე ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებები, როგორც დაკავების პროცესში, ასევე დაკავების შემდგომ. უნდა დადგინდეს ბრალდებულის მხრიდან ადგილი ხომ არ ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას დაკავების დროს, გაქცევის მცდელობას, მოწმეებზე პირდაპირი ან ირიბი ზეწოლის განხორციელებას, წინასწარი დაკავების იზოლატორში თანამშრომლებისადმი დაუმორჩილებლობა ან რეჟიმის წესების დარღვევა.


ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე მსჯელობისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ბრალდებულის წარსული ცხოვრება, ყურადღება უნდა გამახვილდეს არის თუ არა პირი წარსულში ნასამართლევი, ადმინისტრაციულ სახდელდადებული და ა.შ

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით აღკვეთის ღონისძიებისა და მისი კონკრეტული სახის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის საქმიანობას, ასაკს, ჯანმრთელობას, ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას, ადრე შეფარდებული რომელიმე აღკვეთის ღონისძიების დარღვევის ფაქტს და სხვა გარემოებებს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,წინასწარი პატიმრობის შეფარდების დროს სასამართლომ ყურადღება უნდა მიაქციოს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მის მიერ გადატანილ დაავადებებს და იმას, თუ რამდენად არის რისკი იმისა, რომ პირს გაურთულდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუ არსებობს ეჭვი, რომ თავისუფლების დროებითმა აღკვეთამ შეიძლება მძიმე შედეგი გამოიღოს პირის ჯანმრთელობაზე, სასამართლომ ასეთ შემთხვევაში უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე აღკვეთის ღონისძიების შერჩევის დროს.

იმისათვის, რომ მინიმუმადე იყოს დაყვანილი ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების შემთხვევები, სასამართლოს შეუძლია ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან ერთად ისარგებლობის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მეორე ნაწილით და ბრალდებულს დაავალდებულოს დანიშნულ დროს ან გამოძახებისთანავე სასამართლოში გამოცხადება, აუკრძალოს გარკვეული საქმიანობის ან პროფესიის განხორციელება, სასამართლოში, პოლიციაში ან სხვა სახელმწიფო ორგანოში ყოველდღიურად ან სხვა პერიოდულობით გამოცხადება და ანგარიშგება, გამოიყენოს ელექტრონული მონიტორინგი, აუკრძალოს გარკვეულ ტერიტორიაზე შეღწევა, ჩამოართვას პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია და ა.შ

საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს პირის თავისუფლების და ხელშეუხელბობის უფლებას, იცავს პირს თვითნებური დაკავებისა და უკანონო დაპატიმრებისგან. თუმცა, ადამიანის უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის. სახელმწიფოს უფლება აქვს ჩაერიოს ამ ძირითადი უფლების დაცულ სფეროში და ფიზიკურ პირს შეუზღუდოს ან აღუკვეთოს თავისუფლება კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლო გადაწყვეტილებისა და კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად. ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენება შეიძლება გამართლებული იქნეს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ჭეშმარიტი საჯარო ინტერესი, რომელსაც უდანაშაულობის პრეზუმფციის მიუხედავად შეუძლია გადაწონოს პირის თავისუფლების მოთხოვნა.



ავტორი: ნიკოლოზ თომასიანი

ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი



გამოყენებული ლიტერატურა

[1] საქართველოს კანონი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კანონი გამოქვეყნებულია 03/11/2009. კანონი ხელმისაწვდომია https://matsne.gov.ge/ka/document/view/90034?publication=136 [2] საქართველოს კანონი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კანონი გამოქვეყნებულია 03/11/2009. კანონი ხელმისაწვდომია https://matsne.gov.ge/ka/document/view/90034?publication=136 [3] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, 1992 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება N12850/87. გადაწყვეტილება ხელმისაწვდომია https://hudoc.echr.coe.int/tur#{"fulltext":["tomasi%20v%20france"],"itemid":["001-57796"]} [4] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, 1997 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება N 21802/93. გადაწყვეტილება ხელმისაწვდომია https://hudoc.echr.coe.int/tur#{"fulltext":["muller%20v%20france"],"itemid":["001-58025"]}

Comments


bottom of page