• საბა ბასილაძე

ქართული პოლიტიკის ახალი გამოწვევა



არავინ დავობს პროპორციული საარჩევნო სისტემის უპირატესობაზე მაჟორიტარულ და შერეულ საარჩევნო სისტემების მანკიერებათა მიმართ. პროპორციული სისტემა დეპოლარიზაციის წინაპირობაა. ერთმანდატიან ოლქში გამარჯვებულის მიერ ყველაფრის მიღება და უმცირესობის ხმების დაკარგვა ამომრჩეველთა განწყობებზეც ახდენს გავლენას. საკუთარი ხმის დაკარგვის შიშით ისინი უფრო ძლიერ პოლიტიკურ ძალებს უჭერენ მხარს, რასაც პოლიტიკა ორ მთავარ მოთამაშემდე დაჰყავს.[1]


პროპორციული სისტემის სასარგებლოდ 5 ძირითადი არგუმენტის გამოყოფა შეგვიძლია. იგი უზრუნველყოფს ხმების ადგილებად გარდაქმნის მაქიმალურ სიზუსტეს, ამომრჩეველთა აქტივობისა და ქალთა წარმომადგენლობის უფრო მაღალ დონეს, წარმოშობს მრავალპარტიულ სისტემას, მინიმუმამდე დაჰყავს უზურპაციის საფრთხე, რაც ხელს უწყობს მასობრივი, იდეოლოგიაზე დაფუძნებული პარტიების ჩამოყალიბებას.

პროპორციული არჩევნების პირობებში წაგებული ძალა ნაკლებ მანდატს დაკარგავს და ხელისუფლებისთვის ანგარიშგასაწევ ძალად დარჩება. საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფ პარტიას ერთპიროვნული ცვლილებების განხორციელებისათვის ნაკლები შანსი დარჩება, რაც წაახალისებს კონსენსუსზე ორიენტირებულ, მდგრადი პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებას. ეს ის იდეალური სურათია, რაც უნდა მოიტანოს პროპორციულმა სისტემამ, თუმცა ისეთ ახალბედა განვითარებად სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა, პოლიტიკური სპექტრი, მოსახლეობის სამოქალაქო თვითშეგნება და კულტურა მზად უნდა იყოს რიგი სირთულეების დასაძლევად, რადგან არც პროპორციული სისტემაა იდეალური.


ისეთი „ჰიბრიდული ქაოსის“ პირობებში, რომლის გაღვივებასაც დღეს საგარეო მტრები ცდილობენ, გაუაზრებელი გადაწყვეტილებით გაღრმავებული დესტაბილიზაცია თვითმკვლელობას ჰგავს. ინფორმირებული არჩევანის გაკეთების მიზნით, კიდევ ერთხელ გავაანალიზოთ პროპორციული სისტემის ნაკლოვანი მხარეები, რომლებიც მალე ქართული პოლიტიკის მთავარ გამოწვევად იქცევა.


· კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობა, რაც თანმიმდევრული პოლიტიკის შექმნის შეუძლებლობას იწვევს. განსაკუთრებით რთულია ოპერატიულად მომუშავე კოალიციური მთავრობის შექმნა გარდამავალ პერიოდში.

· პლატფორმას ქმნის რადიკალურ-ექსტრემისტული პარტიებისთვის. (ვაიმარის გერმანიის რღვევას პროპორციული სისტემით აღზევებულ მემარჯვენე და მემარცხენე ექსტრემისტულ ჯგუფებს მიაწერენ. 2020 წელს ტიურინგიის მიწაზე, ადგილობრივი პრემიერის არჩევნებში ულტრამემარჯვენე, ნეონაცისტური პარტიის დახმარებით გაიმარჯვა თომას კემერიხმა).

· მომატებულია პოლიტიკური კრიზისის/ჩიხის ალბათობა.

· მმართველობის არასტაბილური ფორმაა. (იტალიის პარლამენტი 2008 წლის შემდეგ 3-ჯერ დაითხოვეს. გერმანია 2017 წელს 171 დღის განმავლობაში იმყოფებოდა მთავრობის გარეშე. ნიდერლანდები - 225 დღე, ბელგია 2010-11 წლებში - 525 დღე, ირლანდია - 590.

· მცირე პარტიებმა შეიძლება დააშანტაჟონ უმრავლესობა, მოიპოვონ იმაზე მეტი გავლენა, ვიდრე პროპორციულად მიიღეს: უმრავლესობას შესთავაზებენ თავიანთ პოზიციას მხარდაჭერის სანაცვლოდ, რომელსაც ისინი ვერასოდეს მიაღწევდნენ დამოუკიდებლად. ეს არადემოკრატიულია.

· ამომრჩევლისთვის რთულია პარტიული სიებით წარდგენილი კანდიდატების ვინაობაში გარკვევა. მოქალაქე გადაწყვეტილებას პარტიის ლიდერთა მიმართ პირადი დამოკიდებულების შესაბამისად იღებს. შესაბამისად, არჩეულ პირთა შორის არიან ისეთებიც, რომელთა ფუნქციაც, მხოლოდ კვორუმის შექმნა და კენჭისყრაში მონაწილეობაა (დამახასიათებელია ე.წ. „ახალი დემოკრატიის“ ქვეყნებისთვის).[2] „პროპორციულია, მაგრამ არა წარმომადგენლობითი“, - ამ არგუმენტით აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უარს ამბობს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ადგილობრივი საჭიროებების შესახებ ადგილობრივმა წარმომადგენელმა უკეთ იცის, ვიდრე პარტიულ სიაში ჩაწერილმა შემთხვევითმა სუბიექტმა.


თუ ქვეყანაში პოლიტიკური სიჭრელეა, პარლამენტიც „ჭრელი“ გამოვა, რაც დესტაბილიზაციას იწვევს. ამის და ყოველი ზემოხსენებულის თავიდან ასაცილებლად დგინდება სამართლებრივი ან ბუნებრივი ბარიერი. შესაბამისად, აბსოლუტური პროპორციულობა არც აღნიშნული სისტემის პირობებში მიიღწევა, მხოლოდ არაპროპორციულობის დონეა დაბალი.


პარტიები ერთხმად თანხმდებიან საარჩევნო სისტემაზე, თუმცა ვერ ჯერდებიან ბარიერზე. ძლიერი პარტიები 3-5%-იან ბარიერს უჭერენ მხარს. აქტიური, თუმცა მცირე ელექტორატის მქონე პარტიები ბუნებრივ ბარიერს მიიჩნევენ სამართლიანად, რასაც პროპორციულობის სარჩულით ფარავენ. თუ რამდენადაა მზად პოლიტიკური სპექტრი ბუნებრივი ბარიერის გამოყენებისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ გამძაფრებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა ცხადყო. საქართველო კიდევ უფრო მოწყვლადი გახდა საგარეო გამოწვევების მიმართ. სასურველია, პარლამენტში მაქსიმალურად პროპორციულად აისახოს ხალხის პოზიცია, თუმცა სანამ არ დასტაბილურდება ურთიერთობები და დაიწყება კონსტრუქციული ოპონირების რეჟიმი, დაბალი ბარიერი ხელს შეუშლის როგორც ძლიერი უმრავლესობის, ისე ძლიერი ოპოზიციის ჩამოყალიბებას. ისრაელში გაღრმავდა პოლიტიკური დაქსაქსულობა, ეფექტური პარტიების რაოდენობა 5-დან 9-მდე გაიზარდა. პარტიების ზრდას ხელი შეუწყო დაბალმა 1.5%-იანმა ბარიერმაც, რამაც ქვეყანა ერთ წელიწადში 3-4 არჩევნების ჩატარებამდე მიიყვანა. ეს პოლიტიკურ რიტმს გაყინავს. მონოტონური სვლა ახალგაზრდა დემოკრატიაში, თანამედროვე სამყაროს განვითარების რიტმის გათალისწინებით, დამანგრეველია. ბარიერის გაუქმებამდე უნდა გავითვალისწინოთ პარტიათა რაოდენობა, საზოგაოებრივი თვითშეგნება ამომრჩეველთა რაოდენობა, ექსტრემისტული ძალების ფაქტორი და სხვა. ვენეციის კომისია აღიარებს 5%-იან ბარიერს. მცირე პარტიების პარლამენტში არდაშვება მიზნად ისახავს დანაწევრების თავიდან აცილებას, რაც პოლიტიკურ სისტემას უფრო სტაბილურს ხდის და სამთავრობო უმრავლესობის ფორმირებას აადვილებს.[3]


ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ისეთი საარჩევნო სისტემის არჩევაა, რომელიც მოერგება კონკრეტული ქვეყნის სამართლებრივ კულტურას. ვენეციის კომისიის ანგარიშებში ვკითხულობთ: „საარჩევნო სისტემის არჩევა სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა და აზრი არა აქვს ერთნაირი საარჩევნო სისტემის ძებნას ევროსაბჭოს ყველა ქვეყნისთვის. საჭიროა, დადგინდეს ბარიერები და ეს ყველა ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს,რომელი ფორმა და ბარიერის რომელი ზომა შეესაბამება მას, თავისი ისტორიისა და პარტიული სისტემის გათვალისწინებით“. საჭიროა დამაკმაყოფილებელი ბალანსის პოვნა წარმომადგენლობითობასა და მმართველობას შორის. განსაკუთრებით გარდამავალ პერიოდში და იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტური სიტუაციაა ახალ და ყოფილ ხელისუფლებას შორის...“.(4)


ჩვენთვის, ახალგაზრდა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, ვფიქრობ, სწორი და სტაბილური მართვა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე იდეალური წარმომადგენლობა. მაჟორიტარული ან შერეული სისტემა შესაძლოა ერთ დღეს იქცეს საქართველოსთვის საუკეთესო მოდელად, თუმცა არა დღეს. მანამდე საჭიროა ჩამოყალიბდეს პოლიტიკური კლასი და კულტურა, რომლის კონსტატაცია სასურველი გახდება. ამერიკამ, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა დიდი ხანია აირჩიეს პოლიტიკური კურსი, რომელსაც პროპორციული არჩევნების პირობებში ბეწვის ხიდზე არ გაატარებენ. ჩვენ კი პროპორციულმა სისტემამ სწორედ ეს კურსი უნდა გვაპოვნინოს. საკანონმდებლო ორგანოში ზომიერი, ლოგიკური და გონივრული ჩარჩოებით ზღვარდადებული იდეოლოგიური პლურალიზმი ასახოს და მათ შორის დაგვანახოს ის იდეა, მიზანი და პოლიტიკა, რომლის დაცვის სურვილიც გაუჩნდება ამომრჩეველს. მათ აღმოსაჩენად გონივრულად დაბალი ბარიერი და პროპორციული სისტემაა საჭირო მთელი თავისი უპირატესობებით. საჭიროა დამცავი ბერკეტების აღმართვაც მისი ხარვეზების წინააღმდეგ. გონივრული „საარჩევნო ზღურბლი“ პოლიტიკური კლასის დემოკრატიზაციის, კონსტრუქციულობისა და სტაბილურობის ხარისხის მატებასთან ერთად უნდა გაიზარდოს, რათა შევინარჩუნოთ მიღწეული სიკეთე და დავიცვათ რადიკალ-ექსტრემისტული ჯგუფების მიერ გამოწვეული დესტაბილიზაციისგან.



ავტორი: საბა ბასილაძე



გამოყენებული წყაროები:

____________________________________________________________________________________

[1] Duverger, M. (1954). Political Parties: Their Organization and Activity in the Modern State. Wiley, New York. [2] BRIDGE Project 2007 AEC IDEA IFES UNEAD UNDP v2. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების პროფესიული განვითარების ტრენინგი. 48-49 გვ. [3] ვენეციის კომისია. მოსაზრება კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტზე, 2017წ. 9 გვ. [4] COMPILATION OF VENICE COMMISSION OPINIONS AND REPORTS CONCERNING THRESHOLDS WHICH BAR PARTIES FROM ACCESS TO PARLIAMENT1 https://www.venice.coe.int/webforms/documents/?pdf=CDL-PI(2018)004-e p.5.

153 views0 comments