top of page
თამარ ფიფია

ადამიანის უფლებები პანდემიურ და პოსტპანდემიურ პერიოდში


ადამიანის უფლებებს რთული და მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს,რომელიც კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე,აბსოლუტური ძალაუფლების შეზღუდვის,ხელისუფლების დანაწილებისა და დემოკრატიული,კონსტიტუციური სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზით ინდივიდუალური უფლებებისთვის ბრძოლას უკავშირდება[1].

სხვადასხვა დროს ადამიანის უფლებების დაცვა,სხვადასხვა მექანიზმებით ხორციელდებოდა,ამას მოწმობს,ჩვენთვის ცნობილი მნიშვნელოვანი ისტორიულ-სამართლებრივი დოკუმენტები: ინგლისის თავისუფლებათა დიდი ქარტია და უფლებათა ბილი,საფრანგეთის ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია,აშშ-ს კონსტიტუია,აღნიშნულმა უმნიშვნელოვანესმა ისტორიულ-სამართლებრივმა დოკუმენტებმა მსოფლიო საზოგადოებას ბიძგი მისცა,რომ შეექმნათ საერთაშორისოდ აღიარებული კონვენციები და დეკლარაციები,რითაც კიდევ უფრო მძლავრად არის უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებების საკითხი.

ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი,თავისი ღირსებითა და უფლებებით,ამიტომაც არის აღნიშნული მაღალ პოსტულატზე აყვანილი.ადამიანის უფლებების დაცვა თავისი არსობრივი და ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე, ხორციელდება,როგორც საერთაშორისო,ისე რეგიონალური სამართლებრივი დოკუმენტებით.

როგორც უკვე აღვნიშნე,ადამიანის უფლებების დაცვა უმნიშვნელოვანესია,რათა ჩვენ ადამიანებს ღირსეული ცხოვრების პირობები გვქონდეს.ადამიანის უფლებებს საუკუ ნეების განმავლობაში მუდმივად დაბრკოლებების გადალახვა უწევს,ეს იქნება სახელმწიფოთა შორის შეიარაღებული დაპირისპირებები,თუ გლობალური პანდემიები. 2020 წელი გამორჩეული აღმოჩნდა იმით რომ მსოფლიოს თავს დაატყდა უხილავი მტერი covi-19-ის სახით,აღნიშნული რთული გამოწვევა აღმოჩნდა,როგორც განვითარებული,ისე განვითარებადი ქვეყნებისთვისაც,ის შეეხო ყველა მიმართულებას,მსოფლიო დაპაუზდა და ადამიანის უფლებებიც ცხადია მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დადგა.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე,სახელმწიფოებმა შემოიღეს შეზღუდვები,ყველა მიმართულებით,რათა დაეცვათ თავიანთი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება,წევრი სახელმწიფოების მხრიდან მიღებულ ზოგიერთ შეზღუდვას ამართლებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დებულებები,რომლებიც ჯანმრთელობის უფლების დაცვას ეხება.კონვენციით გათვალისწინებულ ძირითად უფლებებს მიეკუთვნება სიცოცხლის უფლება,ასევე წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა,აღნიშნულ უფლებებზე რაიმე სახის დათქმა არ ვრცელდება,მათშორის საგანგებო სიტუაციების დროსაც,როგორიცაა covid-19 შემთხვევა.კონვენციისა და ევროპის სოციალური ქარტიის თანახმად,სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე აუმაღლონ მოქალაქეებს ცნობიერება[2].

პანდემიის პირობებში ჯანმრთელობის უფლების დასაცავად შეზღუდულ იქნა მიმოსვლისა და გადაადგილების თავისუფლება,რამაც ერთი მხრივ დაიცვა ადამიანის ჯანმრთელობის უფლება,თუმცა მეორე მხრივ,იქიდან გამომდინარე,რომ ადამიანებს აღნიშნული შეზღუდული ჰქონდათ და გარკვეულწილად დღესაც აქვთ,აღმოჩნდნენ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში.

პირადი ცხოვრების უფლება, სინდისის თავისუფლება,გამოხატვის თავისუფლება,გაერთიანების თავისუფლება

კონვენციის მე-8,მე-9,მე-10,მე-11 მუხლებით გარანტირებული ყველა უფლებითა და თავისუფლებით ეფექტიანი სარგებლობლობა დემოკრატიული საზოგადოების საზომია,მათი შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ ეს დადგენილია კანონით და არის ლეგიტიმური,მათშორის ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით,მიუხედავად იმისა რომ გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლება საერთაშორისო და რეგიონული სამართლებრივი დოკუმენტებით არის დაცული,ჩვენ ადამიანებმა უნდა გავითავისოთ,რომ მსოფლიო მასშტაბით ვიმყოფებით გლობალური პანდემიის პირისპირ,მიუხედავად იმისა რომ გვირაბის ბოლოს სინათლის სხივი გამოჩნდა და პანდემიის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე არსებობს,მაინც უმნიშვნელოვანესია პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.

გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება ,მედიის თავისუფლება,ოფიციალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

პანდემიურ ვითარებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ინფორმაციის თავისუფალი და დროული მიწოდება,აუცილებელია მედიამ შეძლოს პანდემიასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება,ისე რომ მისაწოდებელი ინფორმაცია იყოს გადამოწმებული,რათა ზიანი არ მიადგეს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას,აქვე უნდა აღინიშნოს ისიც რომ ოფიციალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს მოქალაქეებისთვის,როგორც პანდემიურ,ისე პოსტპანდემიურ პერიოდში,რათა ადამიანები ინფორმირებული იყვნენ არსებულ ვითარებაზე.

კონფიდენციალობა და მონაცემთა დაცვა

დღეს covid-19 ეპოქაში კონფიდენციალობისა და მონაცემთა დაცვის საკითხი იმდენად დიდი მნიშვნელობისაა როგორც არასდროს.ჩვენ თანამედროვე ადამიანები ვამბობთ რომ ტექნოლოგიურ ერაში ვცხოვრობთ და ის ელვის სისწრაფით ვითარდება. Covid-19-ის გამოჩენამდე კონფიდენციალობისა და მონაცმეთა დაცვის საკითხი ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა და მასზე პასუხისმგებელი პირები სხვადასხვა მექანიზმების საშუალებით ცდილობდნენ მუდმივად დაცული ყოფილიყო ადამიანის პირადი ინფორმაცია.არსებულმა პანდემიამ კიდევ უფრო წინ წამოწია და აქტუალური გახადა აღნიშნული საკითხი,პანდემიის პერიოდში ხელოვნური ინტელექტი ჩვენში იმდენად შემოიჭრა,როგორც არასდროს ,მაგალითად,ჯანდაცვის,განათლებისა და სხვა სფეროებში,როგორც უკვე აღვნიშნე პანდემია შეეხო ყველა სფეროს ჯანდაცვას,განათლებას,კულტურას თუ სხვა,აქედან გამომდინარე,რადგან ყველაფერი უეცრად გაციფრულდა ,კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა კონფიდენციალობისა და მონაცემთა დაცვის საკითხი,რადგანაც ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობა ასე გაიზარდა,ვფიქრობ მონაცემთა კოფიდეციალობისა და მათი დაცვის საკითხს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაეთმოს ფართო წრეებში,რადგანაც,აღნიშნული 21-ე საუკუნის გამოწვევაა.

ადამიანის უფლებების საკითხი საკმაოდ ფართო,ყოვლისმომცველი და ამოუწურვადია და ცხადია ამ საკითხზე აღნიშნულ ფორმატში ვერ შევძლებთ ამომწურავად საუბარს,თუმცა ვფიქრობ,რამდენიმე ფუნდამენტური და უმნიშვნელოვანეს უფლებაზე კიდევ ერთხელ უნდა შევაჩეროთ ყურადღება,ესენია:სიცოცხლის,ჯანმრთელობის,თანასწორობის,განათლების და სხვა უფლებები.მთელი რიგი საერთაშორისო და ადგილობრივი დოკუმენტებით განმტკიცებულია რომ ჯანმრთელობის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა ის დღეს იმდენად დიდი მნიშვნელობის მატარებელია,როგორც შეიძლება არასდროს ყოფილა,რადგანაც უხილავი მტერი,ერთ-ერთი პირველი ადამიანის ჯანმრთელობას, სამედიცინო სფეროს შეეხო,რაც ვფიქრობ მომავალში ჯანმრთელობის უფლების კუთხით ახალ ხედვის ჩამოაყალიბებს.

ვფიქრობ ჯანმრთელობის უფლების შემდეგ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დადგა განათლების უფლება.მსოფლიო ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემა უმეტესწილად ტრადიციული სწავლების მეთოდზე იყო აგებული,რაც გულისხმობს სასწავლო კლასებსა და აუდიტორიებში სწავლებისა და სწავლის პროცესს,თუმცა გლობალურმა პანდემიამ სრულად შეცვალა ვითარება და მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემას მოუწია გადასულიყო დისტანციური სწავლების რეჟიმზე, ეს იყო რთული გამოწვევა,მაგრამ ვფიქრობ რომ მეტნაკლებად წარმატებით იქნა დაძლეული,ვფიქრობ მომავალში,აღნიშნული უფლება მეტნაკლებად ტრანსფორმირდება,დისტანციურ სწავლებას დადებითთან ერთად აქვს მთელი რიგი უარყოფითი მხარეები პიროვნების განვითარების კუთხით ფსიქო-სოციალურ ჭრილში,თუმცა მაინც მიმაჩნია რომ დროთა განმავლობაში მოხდება,როგორც ტრადიციული,ისე დისტანციური სწავლების ერთმანეთთან ჰარმონიზება.

რაც შეეხება თანასწორობის უფლებას,პანდემიურ ვითარებაში გარკვეულწილად სამწუხაროდ ვხვდებით თანასწორობის უფლების დარღვევის ფაქტებსაც,მაგალითად განათლების მიმართულებით,პანდემიამ გვაიძულა სრულად გადავსულიყავით დისტანციური სწავლების რეჟიმზე,მაგრამ განვითარებადი ქვეყნებისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა,რადგან ყველას არ აქვს წვდომა ინტერნეტთთან,არ აქვთ მატერიალური რესურსი,მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე და სამწუხაროდ ეს არის ერთ-ერთი შემთხვევა,როდესაც ვაწყდებით უთანასწორობის ფაქტებს არსებული ვითარებიდან გამომდინარე.

საბოლოო ჯამში,ვფიქრობ რომ ადამიანის უფლებების მიმართ ხედვა ახლებურად ჩამოყალიბდება, მსოფლიოში არსებული გლობალური პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე.


ავტორი: თამარ ფიფია




______________________________________________________________________________

წყარო:

[1] http://myrights.gov.ge/ka/my%20rights/on%20human%20rights [2] https://rm.coe.int/sg-covid-crisis-toolkit-geo-/16809e380e

Comments


bottom of page