top of page
ანა კალანდაძე

აცილება და თვითაცილება სამოქალაქო სამართლის პროცესში



მსოფლიოში ბოლო დროს სწრაფი ტემპით განვითარდა მეცნიერება , ეკონომიკური და საზოგადოებრივი ურთიერთობები , რომლის შედეგს წარმოადგენს ნოვაციური და შედარებით კომპლექსური სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობები . მოცემული სახის ურთიერთობის დარეგულირებისთვის კი საჭიროა სახელმწიფოს ინტერესებზე მორგებული მექანიზმები , ბერკეტები. ერთ-ერთი გამოჩენილი სამართლის ფილოსოფოსი რეიმონ უექსი საკუთარ ნაშრომში წერდა რომ ,, „როდესაც საზოგადოება რთულდება, იქმნება წესების შეცვლის საჭიროება, რათა მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება მათ დარღვევასთან დაკავშირებით და გარკვევა იმისა თუ რომელი წესია მართლაც სავალდებულო წესი.“ ეკონომიკური სისტემის პირობებში არაერთი დავა წარმოიშობა და ამგვარი დავების გადასაწყვეტად საჭიროა კერძო სამართლის სუბიექტებს ჰქონდეთ შესაბამისი საპროცესო სამართლებრივი უფლებები , რომელთა რეალიზებისას ისინი დაიცავენ საკუთარ ინტერესებსა და პოზიციებს . ამ ყოველივეს გათვალისწინებით რა თქმა უნდა მხარეთა უმთავრესი ინტერესი იქნება დავის ეფექტურად და გონივრულად გადაწყვეტა , რაც ძირითადად ეკისრება შესაბამისი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეს , რომელიც მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად.

ჩვენი განსახილველი თემა მეტად აქტუალურია , ვინაიდან საქმისწარმოების შედეგად ჩამოყალიბებული პრაქტიკისა და საქართველოს საპროცესო კოდექსის ნორმების გათვალისწინებით , ხშირია შემთხვევები , რომლებიც დამაბრკოლებელია მართლმსაჯულების მიუკერძოებლად და ეფექტიანად განხორციელებისთვის. სწორედ ესაა ჩემი მიზანი , წარმოვაჩინო სასამართლოს შემადგენლობის აცილებასა და თვითაცილებას რა დატვირთვა და როლი აქვს სასამართლოში საქმის წარმოებისთვის. იმისათვის რომ მხარეებს შორის წარმოშობილი სასამართლო დავა გადაწყდეს , აუცილებელია სასამართლო დაკომპლექტებული იყოს პროფესიონალი და ობიექტური მოსამართლეებისგან .

რასაკვირველია , სამართლიან და დემოკრატიულ საზოგადოებაში , ხალხის ნდობით უნდა იყოს აღჭურვილი სასამართლო . სასამართლოს შემადგენლობაში არ უნდა შედიოდნენ ისეთი პირები, რომელთა მიმართაც საჭირო გახდება აცილების საკითხის დასმა, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა საქმე მაგალითისთვის მიკერძოებულად გადაწყდეს. სასამართლოსადმი ნდობის გასაქარწყლებლად საფუძვლიანი მტკიცებულებისა და ეჭვის არსებობაც კი საკმარისია.

კანონმდებელმა ამ ყოველივეს აღმოსაფხვრელად მიიღო შესაბამისი ნორმები , რომლითაც დარეგულირებულია აცილების მექანიზმი. იგი გვთავაზობს აცილების არა ამომწურავ , მაგრამ ზოგადი ხასიათის საფუძვლებს . ეს ყოველივე განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლში.

უმეტეს შემთხვევაში მოსამართლეს არ შეუძლია განიხილოს საქმე , თუკი მას ამოძრავებს პირადი , პირდაპირი ან არაპირდაპირი დაინტერესება შედეგის მიმართ. ამ ყოველივეს დასადგენად სამართალი ცნობს სუბიექტურ და ობიექტურ ტესტებს, რომლის საშუალებითაც ხდება საქმის მიკერძოებულად გადაწყვეტის პრევენცია. საინტერესოა რა იგულისხმება სუბიექტურ და ობიექტურ ტესტში , განვიხილოთ თითეული მათგანი.

სუბიექტური ტესტის გამოყენებისას , აშკარად იკვეთება მიუკერძოებლობის პრეზუმფცია , ესეიგი ამით დგინდება ხომ არ ამოძრავებს მოსამართლეს რაიმე პირადი მოტივი , ან წინასწარ ჩამოყალიბებული მოსაზრება დავასთან მიმართებაში . ერთ-ერთი საქმის Mr. kyprianou v cyprus განხილვისას სწორედ სუბიექტური ტესტი იქნა გამოყენებული რის შედეგადაც დამტკიცდა მიკერძოებულობა , რამაც გავლენა იქონია საქმის წარმოებაზე. მორალი ამ ყოველივესი არის ის , რომ მოსამართლეებს პირადად არ უნდა აინტერესებდეს საქმის შედეგი , რომელშიც ისინი მონაწილეობენ . მოსამართლის მთავარი მიზანი და დანიშნულებაა , რომ იყოს ნეიტრალური და ობიექტური , მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება.

როდესაც მცირე ეჭვი მაინც არსებობს მოსამართლის მიუკერძოებლობის საწინააღმდეგოდ სუბიექტურ ტესტთან ერთად აუცილებელია ჩატარდეს ობიექტური ტესტი. საინტერესოა რა არის ობიექტური ტესტი? მოცემული ტესტით ძირითადად მყარდება ობიექტური შიში მოსამართლის მიუკერძოებლობაში , კერძოდ რაიმე სახის კავშირი ხომ არ აქვთ მოსამართლესა და რომელიმე მხარეს . უნდა გაირკვეს კონკრეტული მოსამართლის პირადი ქცევა თუ შინაგანი რწმენა ანუ ხომ არ აქვს მოსამართლეს რაიმე პირადი მოტივებით განპირობებული წინასწარ ჩამოყალიბებული მოსაზრება ან განწყობა მოცემული საქმის მიმართ.

როდესაც აცილებაზე ვსაუბრობთ აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება როგორ ხდება აცილებაზე განცხადების გადაწყვეტის წესი. ამ კითხვაზე პასუხს პირდაპირ კანონმდებლობა გვაძლევს , კერძოდ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლი , რომლის თანახმადაც განცხადება აუცილებლად უნდა გამოქვეყნდეს სასამართლო სხდომაზე . ამის შემდგომ სასამართლო მოისმენს განცხადების ავტორისა და დავაში მონაწილე სხვა მხარეების აზრს. იმ მოსამართლეს ვის მიმართაც დაისვა აცილების საკითხი , მას აქვს უფლება დააფიქსიროს საკუთარი აზრი და განმარტოს თავისი ქმედებები , რამაც გამოიწვია ეჭვი მის მიუკერძოებლობაში . ამ ყველაფრის შემდეგ კი მოსამართლეები , გარდა იმ მოსამართლისა რომლის აცილებასაც ითხოვენ , სათათბირო ოთახში გადიან და განიხილავენ ამ საკითხს. თუკი აცილება განუცხადეს კოლეგიური სასამართლოს სრულ შემადგენლობას ანდაც უმეტეს ნაწილს ასეთ დროს ყველა მოსამართლე გადის სათათბირო ოთახში საკითხის განსახილველად. საინტერესოა რა ევალება მოსამართლეს აცილების საკითხის დადგომის შემთხვევაში ? აცილების საფუძვლების არსებობისას მოსამართლე ვალდებულია რომ განაცხადოს თვითაცილება. თვითაცილების შესახებ მოსამართლეს (სასამართლოს) გამოაქვს განჩინება, რომელშიც უნდა მიეთითოს თვითაცილების საფუძველი. აქვე თავს იჩენს ერთი საკითხი , თუ ვერ მოხერხდა სხვა სასამართლოს შედგენა რომელსაც ევალებოდა აცილების საკითხის დადგენა , რა ხდება ამ შემთხვევაში ? სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპები, ე.წ. „აუცილებლობის დოქტრინის ‘’ მიხედვით მოსამართლის აცილება არ არის სავალდებულო, თუ ვერ შედგება სხვა სასამართლო ამ საქმის განსახილველად, ან გამონაკლის გარემოებათა გამო, უმოქმედობამ შეიძლება გამოიწვიოს მართლმსაჯულების სერიოზული ხარვეზი. საინტერესოა შესაძლებელია თუ არა აცილების შესახებ მიღებული განჩინების გასაჩივრება. აცილების თაობაზე სასამართლო განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო გადაწყვეტილებასთან სააპელაციო და საკასაციო საჩივრით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე და 404-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოსამართლის გარდა აცილების საკითხი შესაძლებელია დადგეს საქმეში მონაწილე სხვა პირების მიმართაც, რომლის ჩამონათვალსაც კანონმდებლობა გვთავაზობს.

საბოლოოდ შეგვიძლია დავასკვნათ , რომ აცილებისა და თვითაცილების საკითხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი ინსტიტუტებია მართლმსაჯულების სწორად აღსრულებისთვის . სამართლებრივ საზოგადოებაში დაუშვებეელია დავის გადაწყვეტა რაიმე პრივილეგიის მინიჭებით. მხარეებმა და მოსამართლეებმა თავიანთი საპროცესო უფლებები უნდა გამოიყენონ სამართლებრივად და თანასწორ პირობებში.


ავტორი: ანა კალანდაძე

617 views0 comments

Comments


bottom of page