მოთხოვნის უზრუნველოყოფის საშუალებების გამოყენება იცავს კრედიტორს, მიიღოს შესრულება მოვალისგან მისი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. ყველაზე გავრცელებული მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებია გირავნობა, იპოთეკა, პირგასამტეხლო. ლიტერატურაში მოთხოვნის უზრუნველყოფის სახეების კლასიფიკაცია სხვადასხვაგვარია, სტატიაში დახასიათებული იქნება მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებები: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
მოვალის გარანტიის ცნება მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 424-ე მუხლში. ამავე მუხლის განმარტების მიხედვით, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვალე კისრულობს კრედიტორის წინაშე რაიმე უპირობო ან ისეთი მოქმედების შესრულებას, რომელიც სცილდება ხელშეკრულების საგანს. სამართლებრივი ბუნებით მოვალის გარანტია აქსცესორული უფლებაა და დამოკიდებულია ძირითად უფლების არსებობაზე და ნამდვილობაზე. 425-ე მუხლის მიხედვით, მოვალის გარანტია არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონს და არ უნდა ავალდებულებდეს მოვალეს ზედმეტად. მოვალის ზედმეტად დავალდებულების კანონიერების განსაზღვრა და შეფასება სასამართლოს უფლებამოსილებაა, მან უნდა დაადგინოს რამდენად „ზედმეტად მავალდებულებებლია“ მხარეების მიერ შეთანხმებული პირობები მოვალისთვის. მნიშვნელოვანია, ისიც, რომ კრედიტორის მიერ მოვალის გარანტიის შესრულების მოთხოვნა არ გამორიცხავს ძირითადი ვალდებულების მოთხოვნის უფლებასაც. მოვალის მიერ მისი ძირითადი ვალდებულების დარღვევა ან არაჯეროვნად შესრულება კრედიტორს აძლევს უფლებას მოითხოვოს როგორც ძირითადი ვალდებულების, ისე მოვალის გარანტიით განსაზღვრული ქმედების განხორციელება. 426-ე მუხლის მიხედვით მოვალის გარანტია ფორმასავალდებულო გარიგებაა და ნამდვილობისათვის საჭიროა მისი წერილობით გაფორმება.
პირგასამტეხლო ყველაზე გავრცელებული მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებაა. 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით წინასწარ განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისას. მისი ნამდვილობისათვის აუცილებელია წერილობითი ფორმის დაცვა. არსებობს პირგასამტეხლოს ორი სახე, რომელთა გადახდის წესიც განსხვავებულია და განსხვავებულ მოთხოვნებს წარმოშობს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. ჯარიმა მხარეების მიერ წინასწარ განსაზღვრული ერთიანი თანხაა, რომლის გადახდაც ეკისრება „არაკეთილსინდისიერ შემსრულებელ“ მოვალეს. ჯარიმის პრაქტიკულ მაგალითად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მხარეების მიერ განსაზღვრული დამატებით გადასახდელი 1000 ლარი, იმ შემთხვევისთვის თუ მოვალე ძირითად ვალდებულებას დაარღვევს. ჯარიმის შემთხვევაში, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ძირითადი ვალდებულების შესრულებაც. (419. 1.) , ხოლო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყველა შემთხვევაში აქვს. რაც შეეხება საურავს, ის სახეზეა მაშინ , როდესაც მხარეები განსაზღვრავენ დამატებით გადასახდელ თანხას მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის. ჯარიმისგან განსხვავებით, საურავის დროს კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ძირითადი ვალდებულების შესრულებაც და პირგასამტეხლოს გადახდაც ერთდროულად. პირგასამტეხლოს დროს, მხარეებს შეუძლიათ დამოიკიდებლად, თავისუფალი ნების საფუძველზე განსაზღვრონ მისი ოდენობა, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, თუმცა საქმის გარემოებათა გამორკვევის შედეგად მხარის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო (420-ე მუხლი) .
ბეს იურიდიული მნიშვნელობა ხელშეკრულების დადების ფაქტის დადასტურებაში გამოიხატება (მტკიცების ფუნქცია). ბეს გადაცემით მხარე გამოხატავს ნებას ხელშეკურლების დადებაზე. როგორც წესი, ბე ჩაითვლება ვალდებულებით გათვალისწინებულ გადასახდელ ანგარიშში, ის არ წარმოადგენს დამოუკიდებელ ხელშეკრულებას, არამედ, ძირითადი ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილია. 423-ე მუხლის მიხედვით, თუ ბეს მიმცემი დაარღვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას ბე დარჩება მის მიმღებს და ჩაითვლება ზიანის ანაზღაურების ანგარიშში. ხოლო, თუ ბრალეული მოქმედება გამოწვეულია ბეს მიმღებით, მაშინ მან ბეს თანხა უნდა დააბრუნოს გაორმაგებული ოდენობით, რაც არ გამორიცხავს ბეს მიმცემის მხრიდან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას. ვინაიდან ბე ძირითადი ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილია, მისი გაფორმება წერილობით ამავე ხელშეკრულებაში სავალდებულოა.
ავტორი: მარიამ ოღრაპიშვილი
საადვოკატო ბიუროს იურისტი
Comments