top of page
  • გიორგი ლუტიძე

სამართლის ნორმის განმარტება - CONTRA LEGEM


კანონის განმარტება ნიშნავს კანონის სიტყვათა მნიშვნელობის გაგებას, სამართლის ნორმის განმარტებისას შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდების გამოყენება: გრამატიკული, ისტორიული, ტელეოლოგიური, სისტემური, secundum legem, praeter legem, contra legem… მათგან ყველაზე იშვიათი ხერხია contra legem.


მართლწესრიგი უნდა იყოს სამართლიანი. ამორალური და თვითნებური კანონები ეწინააღმდეგებიან კონსტიტუციას და არღვევენ სამართლის ეთიკურ პრინციპებს. როდესაც კანონის სიტყვასიტყვითი განმარტება იძლევა უსამართლო შედეგს, მაშინ ნორმა შესაძლებელია განიმარტოს contra legem, ანუ ტექსტის სიტყვასიტყვითი მნიშვნელობის საწინააღმდეგოდ. განმარტება contra legem-ისთვის ამოსავალი წერტილია არა კანონი, არამედ სამართლი, რომელიც გამომდინარეობს კონსტიტუციური მართლწესრიგიდან. Contra legem განმარტებას მოსამართლეები ყოველთვის დიდი სიფრთხილითა და როგორც წესი, იშვიათად მიმართავენ. როდესაც მოსამართლეს უწევს კანონის ტექსტისგან განსხვავებული განმარტების გაკეთება, მას შეიძლება გაუჩნდეს იმის განცდა, რომ ამ ფორმით „უპირისპირდება“ მართლწესრიგს – ეს კი არ არის იურისტის ბუნებრივი და ნორმალური მდგომარეობა. Contra legem განმარტება პრობლემურია და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უნდა იქნეს გამოყენებული.

მაგრამ, ამ დროს მოსამართლე არ უპირისპირდება მართლწესრიგს – მოსამართლე მოქმედებს კონსტიტუციური მართლწესრიგის ფარგლებში და ნორმას განმარტავს იმ სახით, რომელიც ყველაზე უფრო შეესაბამება საკონსტიტუციო პრინციპებს. როდესაც მოსამართლე განმარტავს contra legem, ის მართლწესრიგს კი არ უპირისპირდება, არამედ მოქმედებს ამ მართლწესრიგის ფარგლებში და მის დასაცავად.


Contra legem განმარტების მაგალითი საზღვარგარეთის სასამართლოს პრაქტიკაში.

Contra legem განმარტებას იცნობს პრეცედენტული სამართლის ქვეყნების სასამართლო პრაქტიკაც. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა საქმე – Regina v. Registrar General, ex parte Smith: CA 199.21. მოსარჩელე, რომელიც გასამართლებული იყო მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისათვის, მოითხოვდა წვდომას დაბადების პერსონალურ მონაცემებზე, რომელიც დაცული იყო სარეგისტრაციო უწყებაში. გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობით, ნებისმიერ პირს, გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ, აქვს უფლება, გაეცნოს დაბადების შესახებ მონაცემებს, რომელიც სარეგისტრაციო უწყებაში ინახება. მოსარჩელე არის მძიმე, არასტაბილური ფსიქიკის მქონე და ასევე, დაავადებულია ფსიქოზით.

აღსანიშნავია, რომ ციხეში მის მიერ ჩადენილი მეორე მკვლელობის მსხვერპლი იყო პატიმარი, რომელიც მან საკუთარ დედინაცვლად მიიჩნია. სასამართლოს აზრით, ამ შემთხვევაში საქმე „უჩვეულო“ და არაორდინალურ ფაქტებს ეხებოდა. დაბადების მონაცემებზე წვდომის უფლება არ შეიძლება იყოს აბსოლუტური. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრისათვის საკუთარი დაბადების მონაცემებზე წვდომა შეიცავს მნიშვნელოვან რისკს, რომ ის ამ ინფორმაციას მომავალში მძიმე დანაშაულის ჩასადენად გამოიყენებს.

სასამართლომ ისე უნდა განმარტოს კანონმდებლის მიერ მიღებული ნორმები, რომ ამ განმარტებამ არავის მისცეს მძიმე დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა. შვილად აყვანილს არ შეუძლია განახორციელოს დაბადების მონაცემებზე წვდომის უფლება, თუ არსებობს მნიშვნელოვანი რისკი იმისა, რომ მიღებულ ინფორმაციას ის მძიმე დანაშაულის ჩასადენად გამოიყენებს.


Contra legem განმარტება ქართულ სასამართლო პრაქტიკაში


ქართულ სასამართლო პრაქტიკაში contra legem განმარტების მაგალითია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, სააქტო ჩანაწერში სუროგატი დედების მიერ სხვადასხვა დღეს გაჩენილი ტყუპების დაბადების თარიღად ერთი კალენდარული დღე დაფიქსირდება. მოსარჩელეებმა გადაწყვიტეს, ექსტრაკორპორული განაყოფიერების გზით სამი ნაყოფის (სამი ტყუპის) დაბადება და დადეს შესაბამისი შეთანხმება ორ სუროგატ დედასთან. არსებული სამედიცინო პრაქტიკიდან გამომდინარე, შესაბამისი სამედიცინო ჩასახვის და ნაყოფის განვითარების პროცედურების მიხედვით, ტყუპები ერთ კალენდარულ დღეს უნდა დაბადებულიყვნენ. თუმცა საკეისრო კვეთის დაგეგმილ თარიღამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთ-ერთ სუროგატ დედას, რომელიც ერთ ნაყოფს ატარებდა, ორსულობისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა, რის შედეგადაც ტყუპისცალი დაგეგმილზე 10 დღით ადრე დაიბადა. მეორე სუროგატი დედის ორი ნაყოფი კი სამედიცინო გეგმის მიხედვით განსაზღვრულ დღეს, ანუ 10 დღის შემდეგ. აღნიშნულის გათვალისწინებით სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემულ დაბადების მოწმობებში ტყუპების დაბადების თარიღებს შორის 10 დღიანი ინტერვალი დაფიქსირდა. მოსარჩელე მხარემ მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაბადების მოწმობაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რაზეც მას ეთქვა უარი. სასამართლო დაეყრდნო საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც იცავს დედათა და ბავშვთა უფლებებს.

ასევე, გაიზიარა „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენცია, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ბავშვის საუკეთესო უფლებების ინტერესები, კერძოდ, გაითვალისწინოს მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მასზე პასუხისმგებელი სხვა პირების უფლება-მოვალეობანი და ამ მიზნით მიმართოს ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ღონისძიებას.

სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქმეში წარმოდგენილი ფსიქოლოგის ცნობაც, რომლის მიხედვითაც, დაბადების თარიღებში სხვაობა საზოგადოებისათვის გაუგებარი იქნებოდა, წარმოშობდა არაერთ კითხვას, რაც ხელს შეუშლიდა ბავშვის საზოგადოებაში ინტეგრაციას და საფრთხის შემცველი იქნებოდა მათი ბიოფსიქო-სოციალური ჯანმრთელობისათვის. შესაბამისად, სასამართლომ დაავალა მოპასუხე მხარეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ცვლილება შევა ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში და ტყუპების დაბადების თარიღად ერთი კალენდარული დღე დაფიქსირდება. ამ გადაწყვეტილებით, სასამართლომ განახორციელა ნორმის განმარტება contra legem, ანუ განმარტება კანონის სიტყვასიტყვითი მნიშვნელობის საწინააღმდეგოდ. სასამართლომ საკითხი გადაწყვიტა სამართლიანად, მაგრამ კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების საწინააღმდეგოდ.




ავტორი - გიორგი ლუტიძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი.




გამოყენებული ლიტერატურა:

1. ხუბუა გ., განმარტება Contra Legem, ჟურნ. „სამართლის მეთოდები“, N2, 2018

2. ელენე ზედგინიძე - მოსამართლის მიხედულების ფარგლები საოჯახო და მემკვიდრეობითსამართლებრივ დავაში contra legem განმარტების გამოყენებისას.

2,205 views0 comments

Kommentare


bottom of page