top of page
  • ანა აფრიდონიძე

მსჯავრდებულის რესოციალიზაცია, როგორც სასჯელის უმთავრესი მიზანი



დამნაშავეთა ფსიქოლოგიის შესწავლა და მათი ქცევის კრიმინოლოგიური ანალიზი ნებისმიერ დროსა და ეპოქაში საჭირო, ატუალური და ამავე დროს ამოუწურავი იქნება. დღესდღეისობით კანონმდებლობა ადგენს დამნაშავეთა პასუხისმგებლობას და მართლსაწინააღმდეგო ქცევის სიმძმიმის შესაბამისად განსაზღვრავს სასჯელის ზომას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული, რომ ,,სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და რესოციალიზაცია’’, თუმცა მხოლოდ ნორმატიული აქტების განსაზღვრებით სასჯელის მიზანი მიღწეული ვერ იქნება.


უდავოა, რომ თითოეული ადამიანი ინდივიდუალურად აგებს პასუხს საკუთარი ქმედებისთვის, მაგრამ სოციალურ სახელმწიფოში უნდა არსებობდეს საზოგადოების მიმღებლობაც მსჯავრდებულების მიმართ და მათ სიცოცხლის ბოლომდე ,,საშიში ადმიანების’’ იარლიყით ცხოვრება არ უნდა უწევდეთ. ვფიქრობ, მათი რესოციალიზაცია არის გარანტი დანაშაულის პრევენციისა და უფრო მეტიც, სასჯელის დანარჩენ მიზანთა მიღწევა რესოციალიზაციის გარეშე წარმოუდგენელიც კია. აუცლებელია გაიმიჯნოს სოციალიზაციასა და რესოცილიაზაციას შორის არსებული განსხვავება. სოციალიზაცია ის განვითარების პროცესია, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი დაბადებიდან გადის, ეჩვევა საზოგადოებაში დამკვიდრებულ კანონებს, წესებსა და ფასეულობებს. ხოლო რესოციალიზაცია საჭირო ხდება მას შემდეგ, რაც ადამიანი სოციალიზაციის პროცესისგან განრიდებულია. ბუნებრივია, მსჯავრდებულთა იზოლირება, სწორედ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის ხდება, თუმცა მათი ცხოვრება გისოსებს მიღმა არ დაწყებულა და უმეტეს შემთხვევაში არც გისოსებს მიღმა სრულდება ხოლმე. შესაბამისად, როგორც სასჯელის მოხდის პროცესში, ისე შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება უნდა ეთმობოდეს მათ საზოგადოებაში დაბრუნებას. რესოციალიზაცია კი სხვა არაფერია თუ არა სოციუმში მსჯავრდებულთა ჯანსაღი ინტეგრაცია.


სოციალურ სახელმწიფოში არსებითი მნიშვნელობისაა ყველა იმ მოქალაქეზე ზრუნვა, რომელსაც ხანმოკლე თუ ხანგრძლივი ვადით სოციალური განვითარება ეზღუდება, ან საერთოდ შეწყვეტილი აქვს. ამასთან დაკავშირებით გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ ერთ-ერთი გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ მსჯავრდებული პირის რესოციალიზაცია ეფუძნება ადამიანის ღირსებასა და სოციალური სახელმწიფოს პრინციპს. მსჯავრდებული, არ აქვს მნიშვნელობა საპატიმრო სასჯელს იხდის თუ არასაპატიმროს, მუდმივად ადამიანური ღირსების მატარებელი პირია, ამიტომაც მას ნებისმიერ დროს უნდა ჰქონდეს უფლება ღირსეულად დაუბრუნდეს იმ საზოგადოებას, რომელსაც უსაფრთოებისა და გამოსწორების მიზნით გამოეყო. აქიდან გამომდინარე, ნებისმიერი სახის სასჯელის მოხდის დროს რესოციალიზაცისს როლი უმნიშვნელოვანესია.


მსჯავრდებულთა ხელახალი ადაპტაციის პროცესი საკმაოდ კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს, თუმცა სირთულეებისა და გამოწვევების გამო დაუშვებელია მასზე სრულიად უარის თქმა. უნდა ითქვას, რომ ამ დროს უდიდეს როლს თამაშობს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული გარემო, სადაც მსჯავრდებული სასჯელის მოხდისას იმყოფება და მომუშავე პერსონალის მზადყოფნა. საქართველოში კი ამ მხრივ ხელისშემშელია კრიმინალური სუბკულტურის არსებობა. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ციხეში ჩამოყალიბებული ფსევდო ღირებულებები დღემდე დიდ გავლენას ახდენს მსჯავრდებულთა ჩართულობაზე და მათი პასიურობა რესოციალიზაციისთვის განკუთვნილ პროგრამებში სწორედ ამ ინსტიტუციური კულტურის არსებობით აიხსნება.


ცხადია, ამ დროს იკვეთება სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარემო მაქსიმალურად გათავისუფლდეს ნებისმიერი ხელისშემშლელი ზეგავლენისგან. ამასთან, აუცილებელია არსებობდეს შესაბამისი პროგრამები, რათა სასჯელის მოხდის პროცესში ყველა მსჯავრდებული მოემზადოს საზოგადოების უსაფრთხო წევრობისთვის. მათ უნდა ჰქონდეთ განწყობა და მოლოდინი, რომ ისინი სოციუმს სჭირდება, სჭირდება არა როგორც დამნაშავეები, არამედ უსაფრთხო, ფსიქიკურად და ფიზიკურად ჯანმრთელი სრულუფლებიანი მოქალაქეები, რომლებიც თავიანთ წვლილს შეიტანენ საზოგადოებრივ განვითარებაში. ამგვარი განწყობა კი მსჯავრდებულსა და გარე სამყაროს შორის მუდმივი კომუნიკაციით უნდა ჩამოყალიბდეს. სასჯელის მოხდისას პატიმარს უნდა შეეძლოს ოჯახთან და მეგობრებთან შეხვედრა. გარდა ამისა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2012 წელს დაწყებული პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროექტის მიხედვით, ყურადღება გამახვილდა გარშემომყოფების მხარდაჭერასა და იმ საოჯახო სივრცეზე, სადაც ყოფილი პატიმარი გათავისუფლების შემდეგ დიდ დროს გაატარებს.


რესოციალიზაცია მხოლოდ ფსიქოლოგიური მზადყოფნის თვალსაზრისით არ არის ღირებული. იმის გარდა, რომ სახელმწიფო პატიმრებს საკვებით უზრუნველყოფს და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნავს, რესოციალიზაციის პროგრამის ფარგლებში უდიდესი მნიშვნელობა აქვს განათლების დონის ამაღლებას და ფიზიკურ აქტივობებს სპორტული თუ პროფესიული კუთხით. აბსოლუტურად ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ,,მთავარია მსჯავრდებული სასჯელის მოხდის შემდეგ გათავისუფლდეს კრიმინოგენური თვისებებისგან იმდენად, რომ მან მომავალში აღარ დაუშვას დანაშაულის რეციდივი. დამატებით იმის მოთხოვნა, რომ იგი ზნეობრივად ისეთ პიროვნებად იქცეს,რომ საერთოდ არ დაუშვას მორალური ნორმების დარღვევა, არარეალურია. უმთავრესია, მსჯავრდებულს სწორი ფორმით მიეწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ,რომ კანონმორჩილება ერთგვარად მისი ვალდებულებაა, მან პატივი უნდა სცეს საზოგადოებაში დამკვიდრებულ თანაცხოვრების წესებს და ამით ხელი შეუწყოს საკუთარ რესოციალიზაციას.


შესაძლოა, ხალხის ნაწილს მტკიცედ სჯეროდეს ,,გამოუსწორებელი დამნაშავეების’’ არსებობის, მაგრამ ხომ არსებობს აზრი იმის შესახებაც, რომ საზოგადოება აჩენს დამნაშავეებს, გამოდის, რეციდივისტები უმეტესად სოციუმში თავდაუმკვიდრებელი და გარიყული ადამიანები არიან. ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ რომ რესოციალიალიზაცია მსჯავრდებულთათვის პრივილეგიების მოპოვებას ემსახურება. პირიქით, ე.წ. ,,ნორმალიზაციის პრინციპი’’, რომელსაც ნორვეგია ეფექტურად იყენებს, გულისხმობს, რომ სასჯელმოხდილ პირებს უნდა ჰქონდეთ გარანტია განათლების მიღების, დასაქმების, ჯანდაცვის, საცხოვრისისა და ვალის მართვის კონსულტაციისა. მთავარია, რომ ,,დანაშაულის ჩამდენი პირი არ იქცეს დანაშაულთან ბრძოლის შიშველ ობიექტად. სასჯელის აღსრულების დროს შენარჩუნებული უნდა იყოს ადამიანის არსებობისთვის აუცილებელი ინდივიდუალური და სოციალური პირობები, მისი ღირსების პატივისცემა, რაც ხელს შეუწყობს არა მათ გაბოროტებას, არამედ რესოციალიზაციას.’’ მსჯავრდებულებს უნდა გააჩნდეთ რწმენა იმისა, რომ ეს არის შანსი ხელახალი სოციალიზაციითვის და მათ ექნებათ მომავალი დანაშაულის გარეშე.


ავტორი: ანა აფრიდონიძე


___________________________________________________________________________________________

გამოყენებული ლიტერატურა:

ვარძელაშვილი ი., სასჯელის მიზნები, თბილისი 2016, გვ 92. 2

სორდია ს., სამართლიანობის აღდგენა, როგორც სასჯელის მიზანი, თბილისი, 2015, გვ 42. 3

შვაბე ი., გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, თბილისი, 20111, გვ 315.

ქელბაქიანი ტ., კრიმინალური სუბკულტურა - ბარიერი პატიმრების რეაბილიტაციისთვის, თბილისი, 2019. 5

ტყეშელიაძე გ., სასჯელის მიზნების საკანონმდებლო განსაზღვრების შესახებ, სერგო ჯორბენაძე - 70, საიუბილეო კრებული, თბილისი, 1996, გვ.409.

სულამანიძე რ., მსჯავდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მნიშვნელობა, რეგულირება ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, თბილისი, 2019.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება № 1/4/592, 2015.

435 views0 comments
bottom of page