top of page
  • თამარ სირაძე

პერსონალური მონაცემების დაცვა დისტანციური სწავლების პროცესში


კორონავირუსის სახელწოდებით ცნობილმა პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მსოფლიოზე. სახლი-სამსახურად, ჰიპოთეტურ უნივერსიტეტად, სხვადასხვა მომსახურების მიღება-გაცვლის ადგილად იქცა.




ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების თანახმად საქართველოს მასშტაბით ,,შეჩერდა” განათლების პროცესი. ამავე აქტის საფუძველზე კი საგანმანათლებლო დაწესებულებებს დისტანციური სწავლების ფორმის გამოყენებით ინოვაციურ მეთოდებზე გადასვლა მოუხდათ.

მონაცემთა დაცვის კანონმდებლობა პანდემიის დროს, ბუნებრივია, არ აბრკოლებს აუცილებელი ინფორმაციის გაზიარების პროცესს, თუმცა მნიშვნელოვანია, სასწავლო დაწესებულებებმა და არა მხოლოდ, იცოდნენ თუ როგორ და რა დოზით შეიძლება პერსონალური მონაცემის გაზიარება. მათ მიერ უნდა იყოს შეფასებული ის რისკები, რაც აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას ახლავს თან.


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოსცა რეკომენდაციები, რომლებიც პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და რა საკვირველია დისტანციურ სწავლებას შეეხო.

იმისათვის, რომ მონაცემთა დამუშავება იყოს კანონიერი, აუცილებელია კანონით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა და მონაცემთა დამუშავების პრინციპების დაცვა, მონაცემთა დამუშავების კანონიერი საფუძვლები კი მოცემულია ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლში, პერსონალური მონაცემების დამუშავება დასაშვებია რიგ შემთხვევაში, როდესაც:


  • სახეზეა მონაცემთა სუბიექტის თანხმობა;

  • მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;

  • არსებობს საჭიროება მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულებისა;

  • პრიორიტეტულია მონაცემთა სუბიექტის სასიცოცხლო ინტერესები;

  • მონაცემთა დამმუშავებლის ან მესამე პირის კანონიერი ინტერესები აღმატებულია;

  • კანონის თანახმად, მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა ისინი ხელმისაწვდომი გახადა;

  • უცილებელია საჯარო ინტერესის დაცვა;

  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად;


ზემოაღნიშნული საკანონმდებლო აქტისა და სახელმწიფო ინსპექტორის რეკომენდაციების სისტემური ანალიზის საფუძველზე კი უნდა მივიდეთ შემდეგ დასკვნამდე, ზემოაღნიშნული საფუძვლების დარღვევა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების უკანონობას და შესაბამისად, მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის აუცილებლობის გარანტიაა.


როგორც უკვე აღინიშნა, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ საგანმანათლებლო დაწესებულებები და ასევე, ხშირია დისტანციურად შეხვედრების გამართვის პრეცედენტები. პარალელურად კი სოციალურ ქსელებში ვრცელდება ონლაინ სასწავლო პროცესის, ონლაინ შეხვედრების ამსახველი (მათ შორის, იუმორისტული) ფოტო-ვიდეო მასალა. აღნიშნული წარმოადგენს პირის პერსონალურ მონაცემებს, შესაბამისად, მათი გამოქვეყნება ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე დაუშვებელია.

დისტანციური შეხვედრების გამართვისათვის, თანამედროვე კოლაბორაციული კომუნიკაციის სისტემების (მაგალითად, Webex, Zoom, Teams და ა.შ.) გამოყენებამ პერსონალური მონაცემების დაცვა კიდევ უფრო დღის წესრიგში დააყენა. უფრო კონკრეტულად, „Zoom-ის“ გამოყენებისას ტექნიკურად შესაძლებელია გამოჩნდეს დამსწრე პირის სახელი და გვარი, პირის ვიზუალური გამოსახულება. ბუნებრივია, სტუდენტის (ან ლექტორის) გადასაწყვეტია, ჩართავს თუ არა ვიდეოს და გამოაჩენს თუ არა საკუთარ გამოსახულებას, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას, დისტანციური ლექციის დამსწრე ხელმძღვანელობს სალექციო მიზნებით, ლოგიკურია მას არ აქვს გააზრებული, რომ მისი ვიზუალი შეიძლება გასაჯაროვდეს, აღნიშნულიდან გამომდინარე დაუშვებელია დამსწრე პირთა ნების გამოვლენის გარეშე სურათის გადაღება, ხმოვანი აუდიო თუ ვიდეო გამოსახულების შექმნა, ისე სახელისა და გვარის შესახებ მონაცემების პირთა განუსაზღვრელი წრისთვის მიწოდება, ე.წ.„Screenshot-ის“ გადაღება/გავრცელება და სხვანი..

სტუდენტის თანხმობის გარეშე დაუშვებელია სალექციო კურსის ფარგლებში მიღებული ქულის გასაჯაროვება, მისი ატვირთვა ან სხვაგვარი გავრცელება.

ანალოგიურად, სტუდენტი ვალდებულია არ გაუზიაროს სხვას მისთვის გაგზავნილი ხმოვანი ჩანაწერი, დავალება ან მსგავსი ინფორმაცია ლექტორის თანხმობის გარეშე. (მაგ:GMAIL-ზე მიღებული ინფორმაციის გადამისამართება).

საკითხი სამართლებრივად ექცევა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 (ცალკეულ შემთხვევაში, მე-6) მუხლის ფარგლებში.


ამდენად, დისტანციური სწავლების დროს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე. აღსანიშნავია, რომ ასეთ დროს არ აქვს მნიშვნელობა, პერსონალური მონაცემის გამავრცელებლის ქმედების მიზანს. ნებისმიერ შემთხვევაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხია პრიორიტეტული.


სტატიის ავტორი: თამარ სირაძე

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი




_______________________________________________________________________________

გამოყენებული ლიტერატურა:

bottom of page