top of page
  • ნიკოლოზ თომასიანი

საგამოძიებო მოქმედება ჩხრეკა/ამოღება სისხლის სამართლის პროცესში


სახელმწიფო მუდმივად ცდილობს აღკვეთოს დანაშაულებრივი ქმედებები, ისე რომ დაიცვას ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, რომელთა დაცვა სავალდებულოა, როგორც შიდა, ისე სართაშორისო კანონმდებლობით. საგამოძიებო უწყება ყოველდღიურად ღებულობს ათეულობით ინფორმაციას დანაშაულის შესახებ სხვადასხვა ფორმით. მათ შორის, ნარკოდანაშაულთან მიმართებაში, ყველაზე მეტად გავრცელებულია ე.წ კონფიდენტის/ანონიმური წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია. ყოველივე ეს მეტყველებს ჩემს მიერ განხილული თემის აქტუალობაზე.

აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას, აუცილებელია, ყურადღება გავამახვილოთ დანაშაულის გამოძიებისათვის საჭირო, ისეთ საგამოძიებო მოქმედებებზე, როგორიცაა ჩხრეკა და ამოღება. მნიშვნელოვანია შეფასდეს, თუ რამდენად ქმნის ანონიმური წყაროს /კონფიდენტის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ჩხრეკის ჩატარების საფუძვლებს, საჭიროა თუ არა, ჩხრეკის მიმდინარეობის ვიდეო გადაღება და რამდენად სარწმუნოა პოლიციელთა ჩვენებები მსგავს შემთხვევებში ფაქტების დადგენისთვის.


რა მიზნით ტარდება ჩხრეკა/ამოღება.

სსსკ-ის 119-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით, ,,დასაბუთებული ვარაუდის არსებობისშემთხვევაში ამოღებადა ჩხრეკატარდება იმ მიზნით, რომაღმოჩენილ დაამოღებულ იქნეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვაობიექტი“[1]

რა არის დასაბუთებული ვარაუდი.

სსსკ-ის კოდექსის მე-3-ე მუხლის მე-11 ნაწილი ,,დასაბუთებული ვარაუდი – ფაქტების ანინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემულისისხლის სამართლისსაქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ დანაშაულის შესაძლოჩადენა, ამკოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის ან/დააღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის გათვალისწინებული მტკიცებულებითი სტანდარტი“.[2]

რა მტკიცებულებებით არის შესაძლებელი შეიქმნას ჩხრეკის/ამოღების ჩატარებისთვის დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი ?

სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, მხოლოდ და მხოლოდ, ანონიმური წყაროს/კონფიდენტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და ინფორმაციის მიმღები პირის გამოკითხვის ოქმი ქმნის. აღნიშნული, რა თქმა უნდა, არ უნდა ფასდებოდეს, როგორც ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა ,რადგან ხშირ შემთხვევაში პოლიციელი საკუთარ გამოკითხვის ოქმში ზუსტად იმეორებს ანონიმური წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას .

აღნიშნულ საკითხზე მსჯელობს საკონსტიტუციო სასამართლო თავის 2020 წლის N2/2/1276 გადაწყვეტილებაში ,,გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომელშიც სასამართლო მიუთითებს - ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებსმოსარჩელის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თუპატაკის შემდგენი/მიმღები პირისგამოკითხვის ოქმიყოველგვარი დამატებითი ინფორმაციის მითითებისგარეშე იმეორებსმხოლოდ პატაკშიაღწერილ ინფორმაციას ან/დამხოლოდ იმინფორმაციას, რომელიცოპერატიულმა წყარომმიაწოდა, უნდაჩაითვალოს, რომსახეზეა ერთიინფორმაცია, რაც, ცხადია, ვერშეფასდება ინფორმაციის ან ფაქტებისერთობლიობად. [3]

აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახად უნდა ითქვას, რომ მსგავსი შემთხვევები ,როდესაც საგამოძიებო მოქმედება ჩხრეკა/ამოღება ტარდება მხოლოდ ანონიმური წყაროს/კონფიდენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და ის არ არის გადამოწმებული სათანადოდ, შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებთან.

არის თუ არა საჭირო ჩხრეკის მიმდინარეობის ვიდეო გადაღება?

რა თქმა უნდა, მსგავსი დათქმა სსსკ-ის მიხედვით არ არსებობს, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ობიექტურ და ყოველმხრივ გამოძიებაზე, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილით, „გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად“[4] საჭიროა, ლოგიკურად შეფასდეს საგამოძიებო უწყების ყველა ქმედება და მათი გადაწყვეტილებები გამოძიების მიმდინარეობისას.

პოლიციელების მხრიდან საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას უფლებამოსილების გადამეტების, პირის უფლებების დარღვევისა და ასევე, ნარკოდანაშაულთან მიმართებაში ყველაზე აქტუალური საკითხის , ე.წ ,,ჩადების“ შემთხვევების მინიმუმადე შესამცირებლად, შესაბამისი გარემო-ფაქტორების არსებობის შემთხვევაში, სასურველია ჩხრეკის მიმდინარეობის ვიდეო გადაღება , გარეშე პირის მოწვევა და ა.შ

მსგავს მსჯელობას ვაწყდებით 2017 წლის 20 სექტემბრის განაჩენში, ერთ-ერთ სს საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია აღნიშნავს, ,,საგამოძიებო ორგანოების არაკომპეტენტურობაზე ან/და ბრალდებულის მიმართ პირადი ინტერესების თაობაზე ეჭვს აჩენს ასევე გამოძიების ეტაპზე განხორციელებული ღონისძიებების არასრული სახე. კერძოდ, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, მაშინ, როდესაც საგამოძიებო ორგანოს ერთი კონკრეტული სამმართველოს მთელი განყოფილება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მიდის საგამოძიებო მოექმედების განსახორციელებლად, ისმის კითხვა, რატომ არ ახდენს აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ვიდეო გადაღებას, ასევე არ ასწრებს საგამოძიებო მოქმედებას გარეშე პირს, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ჩხრეკაში მონაწილე პირები ადგილზევე აპროტესტებენ პოლიციელების ,,საეჭვო ქმედებებს” და მკაფიოდ აფიქსირებენ პოზიციას, რომ ნუ ,,ჩამიდებთ სხვის ნივთებს”

საინტერესოა, რა სტანდარტს აწესებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პოლიციელთა ჩვენებებთან დაკავშირებით....

ევროპული სასამართლო ამბობს, რომ პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს მცირემტკიცებითი ძალააქვს, თუისინი არარის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით (Ochelkov v. Russia), განაცხადი no. 17828/05, ადამიანის უფლებათაევროპული სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 90).[5]

ევროპული სასამართლოსათვის მიუღებელი აღმოჩნდა, როცა პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევისთაობაზე გაკეთებული დასკვნები მხოლოდპოლიციელების ჩვენებებსემყარებოდა, რომლებიცასეთ შემთხვევაში შესაძლოა არყოფილიყვნენ მიუკერძოებელი მოწმეები. საქმეზე ვირაბიანისომხეთის წინააღმდეგ კი (Virabyan v. Armenia), განაცხადი no. 40094/05, 2012 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილების პუნქტი 153-154) [6]

სასამართლოს მსგავსი დამოკიდებულების მიხედვით ,საგამოძიებო უწყების თანამშრომლები ვალდებულები არიან, საგამოძიებო მოქმედების კანონიერების და სიზუსტის დასამოწმებლად, არამარტო თავიანთი ჩვენებები ,არამედ უფრო მეტი ნეიტარული მტკიცებულებები მოიპოვონ, როგორიცა, თუნდაც, საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები და ა.შ

მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ადამიანის უფლებებზე და თავისუფლებებზე ცალსახაა, რომ ჩხრეკა და ამოღება ერთ-ერთი ყველაზე მეტად შემზღვუდელი საგამოძიებო მოქმედებაა.

შესაბამისად, აუცილებელია მსგავსი ტიპის საგამოძიებო მოქმედებები აკმაყოფილებდეს იმ მაღალ სტანდარტს, რომელიც გათვალისწინებულია, როგორც საქართველოს კონსიტუციით, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით.

სტანდარტი, რომელიც ამ ეტაპზე არსებობს ნარკოდანაშაულის გამოძიების კონტექსტში ცალსახაა, რომ დახვეწას საჭიროებს. არსებულ რეალობაში, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ითხოვს, საგამოძიებო უწყებას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ეფექტიანად და სწორად მოახდინოს მსგავსი დანაშაულების გამოძიება, მინიმუმამდე დაიყვანოს სასამართლო განჩინების გარეშე, პირადი ცხოვრების ხელშეუვალობის დარღვევა და ა.შ

ამ პროცესში უდიდესი როლი ეკისრება სასამართლოს, რომელმაც ძალიან მკაცრად და ამავდროულად ობიექტურად უნდა შეაფასოს მსგავსი ტიპის საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება, დარწმუნდეს აკმაყოფილებს თუ არა ჩხრეკა/ამოღება, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მაღალ სტანდარტებს .



ავტორი: ნიკოლოზ თომასიანი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი.


______________________________________________________________________


გამოყენებული ლიტერატურა


1. საქართველოს კანონი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N2/2/1276 გადაწყვეტილება

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემრბის გადაწყვეტილება

4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყეტილება საქმეზე ვირაბიანი სომხეთის წინააღმდეგ

5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ


[1] საქართველოს კანონი , საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 119, ნაწილი 1 გამოქვეყნებულია 03/11/2009 ,კანონი ხელმისაწვდომია https://matsne.gov.ge/ka/document/view/90034?publication=131 [2] საქართველოს კანონი,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 3, ნაწილი 11, გამოქვეყნებულია 03/11/2009 , კანონი ხელმისაწვდომია https://matsne.gov.ge/ka/document/view/90034?publication=131 [3] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ,2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N2/2/1276 პ.ნ (57) აღნიშნული გადაწყვეტილება ხელმისაწვდომია https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/5071269?publication=0 [4] საქართველოს კანონი,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი , მუხლი 37 ,ნაწილი 2. გამოქვეყნებულია 03/11/2009 კანონი ხელმისაწვდომია, https://matsne.gov.ge/ka/document/view/90034?publication=131 [5] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ,2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება N17828/05 პ.ნ (90) გადაწყვეტილება ხელმისაწვდომია http://hrlibrary.umn.edu/russian/euro/Rochelkovcase.html [6] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ,2012 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება N40094/05 პ.ნ (153-154) გადაწყვეტილება ხელმისაწვდომია https://hudoc.echr.coe.int/fre#{%22itemid%22:[%22001-113302%22]}

bottom of page