top of page
  • გიორგი ასლამაზიშვილი

სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულება

დღესდღეობით ეს თემა საკმაოდ აქტუალურია , ვინაიდან ყოფით ცხოვრებაში ,ალბათ გარკვეული სახის უკმაყოფილება გამოგვითქვამს მეზობელთან მიმართებაში ,როდესაც მისი მხრიდან გარკვეული სახის ხელშეშლა ხდება , როგორიცაა ხმაური, უსიამოვნო სუნი , ჭვარტლი ,ორთქლი და ა.შ . აუცილებელია , ამ დროს ვიცოდეთ ჩვენი უფლებების შესახებ , თუ რისი მოთხოვნის უფლება გაგვაჩნია ამგვარ სიტუაციაში და რის აკრძალვას ვერ მოვთხოვთ მეზობელს .

ამგვარი ემისიების არსებობა თავმოყრილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სამეზობლო სამართლის თავში და მის რეგულირების სფეროს , ამავე კოდექსის 175 მუხლი ითვალისწინებს .


რა არის ემისია ?

სამეზობლო ემისია ესაა ყველა ის მოქმედება, რომელიც ერთი მიწის ნაკვეთიდან მეორე მიწის ნაკვეთზე შეიძლება გავრცელდეს, რომლითაც გარკვეული სახის დისკომფორტი შეიძლება წარმოიქმნას მეზობლებს შორის, რადგან ამ ურთიერთობას წარმოადგენს ორი მხარე, პირველი ,ვინც ემისიების მეშვეობით ქმნის ისეთ სიტუაციას, რომელიც მეორე მხარის უკმაყოფილებას იწვევს. ასეთი მოქმედებები იყოფა არსებითი ან არაარსებითი ხასიათის ზემოქმედებებად. არა არსებითი ემისიის გავრცელება გამორიცხავს მესაკუთრის უფლებას მოსთხოვოს გამავრცელებელს ასეთი ზემოქმედების შეწყვეტა, რომელიც მას გარკვეულწილად ხელს უშლის, ხოლო არსებითის შემთხვევაში დასადგენია, ხომ არ ექვემდებარება სამეზობლო ურთიერთობიდან გამომდინარე თმენის ვალდებულებას და შეუძლია თუ არა ასეთი თმენისთვის გარკვეული კომპენსაციის მიღება. ემისიის გავრცელება ყოველდღური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. „მეზობელ მიწის ნაკვეთზე „ზემოქმედება“ ნიშნავს პოზიტიურად ზემოქმედებას, რომლის მგრძნობელობითი აღქმა და ფიზიკურად დადგენა შესაძლებელია. თუ რამდენად არის ზემოქმედება მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელო და სახეზეა თუ არა მესაკუთრის მიწის ნაკვეთით სარგებლობის ხელყოფა, განისაზღვრება იმის მიხედვით თუ რამდენად მისაღებია საშუალო ადამიანისთვის ფაქტობრივი ზემოქმედების სიძლიერე და ხანგრძლივობა, ასევე მიწის მესაკუთრეთა ცხოვრებისეული ჩვეულებება" (თოთლაძე, სამოქალაქოკოდექსისკომენტარი, წიგნიმეორე, 2018, 94).


სსკ 175-ე მუხლში არსებული ემისიათა ჩამონათვალი არასრულია, კერძოდ , მათ მიეკუთვნება : გაზის, სუნის, ორთქლის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების დასასრულს იკითხება „და სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი“ რაც ემისიათა წრეს აფართოვებს. ემისიები შეიძლება დაჯგუფდეს იდეალურ და ნეგატიური სახის ემისიებად. „იდეალური ემისია ეწოდება საკუთრების უფლების ისეთ ხელშეშლას, როდესაც ირღვევა მესაკუთრის მორალური ან ესთეტიკური შეგრძნება, ხოლო ნეგატიური ემისია ეწოდება სინათლის, მზის შუქის, ჰაერის არასაკმარისი რაოდენობით მოქმედებას მიწის ნაკვეთზე“ (თოთლაძე ლ, სამოქალაქო კოდექსისკომენტარი, წიგნიმეორე, 2018, 86) . იდეალური ემისიის აღქმა ცალსახად სუბიექტურია და პიროვნების გემოვნებაზე, სუბიექტურ შეხედულებებზეა დამყარებული. „გაბატონებული შეხედულებების თანახმად სსკ-ს 172-ე მუხლის მე-2 ნაწილი არ იცავს საკუთრებას იდეალურ ემისიების შემთხვევაში, რადგან თუ პირი სხვის საკუთრებას უგემოვნოდ ან არაესთეტიკურად აფასებს მისი გემოვნება ვერ გახდება სამართლებრივი შეფასების საკითხი“


თმენის ვალდებულება სსკ-ს 175 მუხლის 1 ნაწილის მიხედვით

სსკ 175-ე მუხლის მიხედვით სამეზობლო სამართლით გათვალისწინებული თმენის ვალდებულების ფარგლებში მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გავრცელებული გაზის ორთქლის სუნის ჭვარტლის კვამლის ხმაურის სითბოს რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი. კანონმდებელი ვერ განსაზღვრავდა ემისიათა ზუსტ ჩამონათვალს, რადგან ეკონომიკური განვითარების სწრაფი ტემპი ახალი ზემოქმედებების წარმოშობას არ გამორიცხავს და ამდენად „სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი“ ჩანაწერის გაკეთებით ემისიათა ჯგუფს სხვა ზემოქმედებანიც შეიძლება მიემატოს. თმენის ვალდებულებაში ექცევა არსებითი ზემოქმედების შემთხვევაც, როცა ნაკვეთით სარგებლობა არის ჩვეულებრივი და ნორმალურ სამეურნეო ფარგლების ჩარჩოს არ სცდება. სამეზობლო სამართალი ერთნაირად ვრცელდება როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებზე. ეკონომიკური საქმიანობის სუბიექტის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას უნდა იქნეს დაცული მეზობელთა ურთიერთპატივისცემისა და სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის მოვალეობა. სამეწარმეო თავისუფლება კონსტიტუციით აღიარებული ღირებულებაა, სასტუმროს ფუნქციონირება კი მესაკუთრის სურვილი, მიიღოს სარგებელი მისი საკუთრების გამოყენებით. მეზობლები ვერ მოითხოვენ სასტუმროს ფუნქციონირების ან იქ გამოწვეული ხალხმრავლობის აკრძალვას ხმაურის მიზეზით რადგან მშენებლობის ნებართვით აშენებული ასეთი დანიშნულების ობიექტის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობაში ექცევა. მეზობლებს შეუძლიათ მეპატრონეს მოსთხოვონ ისეთი ხმაურის გაკონტროლება, რომლის დასაშვებ ნორმებში მოქცევაც შესაძლებელია. სასტუმროს სამაცივრე დანადგარი (ჰაერის კონდიცირებისთვის), რომელიც ღია სივრცეშია განთავსებული და 24 საათიან რეჟიმში მისი მუშაობით გამოწვეული ხმაური დასაშვებ ნორმას აღემატება. სპეციალური ხმის დამცავი მასალით შეფუთვის ან სხვა ადგილზე გადატანით დასაშვებ ნორმებში მომდინარე ხმაური ჩაითვლება უმნიშვნელოდ ხელყოფად და სამეზობლო თმენის ვალდებულების ფარგლებში ექცევა. (სუსგ #ას-122-116-2014 2015 წლის 25 მაისი).


თმენის ვალდებულება სსკ-ს 175 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით .

სსკ 175-ე მუხლის მეორე ნაწილი ნორმატიული შინაარსის მქონეა. გამოიყენება იმ შემთხვევებში, თუ პირველი ნაწილით განსაზღვრული ზემოქმედება არსებითია. წინაპირობას წარმოადგენს, რომ ზემოქმედება გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და არ შეიძლება მისი აღკვეთა ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა. თუ რამდენად არსებითია ასეთი ზემოქმედება, განისაზღვრება იმავე მასშტაბის საფუძველზე. მაგალითად, ავტოფარეხებში მოწყობილი ავტოსამრეცხაოს ფუნქციონირებიდან მომდინარე ზემოქმედება სცდებოდა უძრავი ქონების ჩვეულებრივი სარგებლობის ფარგლებს და, ავტოფარეხის ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე, ვერ მიიჩნეოდა ამ სახის ობიექტისათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად. შესაბამისად, ასეთი ზემოქმედება არსებითია.


ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლება სსკ-ს 175 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით .

175-ე მუხლის მე-3 ნაწილი გულისხმობს კომპენსაციის გადახდის აუცილებლობას იმ შემთხვევის დროს როცა ზემოქმედება აღემატება ასეთი ადგილისთვის ჩვეულებად მიჩნეულ სარგებლობასა და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს. მეზობელის თმენის ვალდებულება ამ დროს უნდა კომპენსირდეს გარკვეული ფულადი თანხით. რა შეიძლება ჩაითვალოს ეკონომიკურად დასაშვები ფარგლების გადამეტებად ეს კონკრეტულ საქმეში ინდივიდუალური განხილვის საგანია. „შესაბამისი ფულადი კომპენსაცია“ უნდა განისაზღვროს მიწის ნაკვეთის ემისიების ზემოქმედებით გამოწვეული ფაქტობრივი მდგომარეობისა და ემისიების გარეშე ჰიპოთეტური გამოყენების ღირებულებების შედარების შედეგად.

აქედან გამომდინარე, უკვე შეგვიძლია შევიქმნათ წარმოდგენა ,თუ რას მოიცავს სამეზობლო სამართლის თმენის ვალდებულება და რა შემთხვევაში შეგვიძლია მოვთხოვოთ მეზობელს ფულადი კომპენსაცია და რა შემთხვევაში ,,ვიბოჭებით ‘’ ამ უფლების განხორციელებისგან .




ავტორი: გიორგი ასლამაზიშვილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

იურიდიული ფაკულტეტის 1 კურსის სტუდენტი



_____________________________________________________________________________________

გამოყენებული ლიტერატურა :

თოთლაძე ლ, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეორე, 2018.

ნორმატიული მასალა :

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი .

[1] თოთლაძე ლ, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეორე, 2018, 94 [2] თოთლაძე ლ, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეორე, 2018, 86 [3] სუსგ #ას-122-116-2014 2015 წლის 25 მაისი [4] საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 31 დეკემბრის N ას-764-731-2014 გადაწყვეტილება.

bottom of page