top of page
  • საბა პეტრიაშვილი

საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს გამოწვევა



თანამედროვე სახელმწიფოს სტაბილურობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს კერძო და საჯარო ინტერესებს შორის პრიორიტეტების სწორად და სამართლიანად განსაზღვრა, ხელისუფლებისა და ადამიანის ურთიერთობის გონივრულად დაბალანსებული სისტემის შექმნა. ეს, პირველ რიგში, გამოხატულებას პოვებს ყოველი კონკრეტული უფლების შინაარსისა და ფარგლების ადეკვატურ საკანონმდებლო განსაზღვრაში.[1] ზოგადად, დემოკრატია გახლავთ ხალხის მმართველობა, რომლის პირობებშიც გადაწყვეტილებები უმრავლესობის პრინციპით მიიღება, მაგრამ ეს უკანასკნელი შეიძლება გარკვეულ საფრთხესაც მოასწავებდეს. ის, რაც სახელმწიფოს დონეზე შესაძლოა უმრავლესობის ნებას წარმოადგენდეს, უფრო მცირე დონეზე, შესაძლოა, მიუღებელი ან კონკრეტული ინდივიდის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდეს.[2] აქედან გამომდინარეობს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპი, მიუხედავად მისი ფუნდამენტური მნიშვნელობისა, არ იძლევა საკმარის გარანტიას იმისათვის, რომ ადამიანმა თავი ღირსებადაცულად იგრძნოს, რადგან შესაძლებელია, უმრავლესობის მმართველობა სრულიად ეწინააღმდეგებოდეს სამართლისა და სამართლიანობის პრინციპებს. ამიტომაცუსაზღვროა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის როლი როგორც საერთაშორისო, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სამართალშიც, რადგანაც მას შემოაქვს ის გარანტიები, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობასა და ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების განმტკიცებას.

არსებობს სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმალური და მატერიალური გაგება. მათ ზოგჯერ უწოდებენ სამართლებრივი სახელმწიფოს ვიწრო-თხელ (Thin) დაფართო-სქელ (Thick) გაგებას. საკონსტიტუციო სამართალი ემსახურება კერძო და საჯარო ინტერესების თანაარსებობის, გონივრული, თანაზომიერი და სამართლიანი დაბალანსების უზრუნველყოფას.[3]სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმალური გაგება გულისხმობს კანონიერების პრინციპის ქმედითობას - ხელისუფლების, პირველ რიგში, კონსტიტუციითა და, ზოგადად, კანონით ბოჭვას[4]. მაშასადამე, ხელისუფლების სამივე შტო, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებები უპირობოდ, უალტერნატივოდ შეზღუდულნი არიან კანონებით და არ არსებობს ის მიზანი და ინტერესი, რომელიც გაამართლებს იმ ქმედებას, რომელიც კანონსაწინააღმდეგოა.

როგორცაღვნიშნეთ, სამართლებრივი სახელმწიფო, მარტივი გაგებით, სამართლით შებოჭილ სახელმწიფოს გულისმობს, მაგრამ აქვე იზრდება რისკი იმისა, რომ საკანონმდებლო ხელისუფლების განმახორციელებელმა ორგანომ, პარლამენტმა მიიღოს ცუდი, უსამართლო კანონი, ყველანაირი ფორმალური პროცედურის დაცვით, თუმცა კანონმდებლის თვითნებობა იქამდე გაიზარდა, რომ ადგილი აქვს არა მხოლოდ ძირითად უფლებაში დისპროპორციულ ჩარევას, არამედ ფორმალური კანონიერების დაცვის მოთხოვნის უგულებელყოფასაც, იმ პრინციპებიდამი წინააღმდეგობას, რომლებიც ცხადად წარმოაჩენს სახელმწიფოს განვითარების გრძელვადიან პერსპექტივებს. ხოლოასეთ კანონზე დაყრდნობით ხელისუფლების მოქმედება განაპირობებს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებში არამართლზომიერად ჩარევასა და მათ შელახვას. ამიტომ, გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს ნებისმიერი ნაბიჯი უნდა გამომდინარეობდეს კანონიდან, სამართლებრივი სახელმწიფოს მიზნობრივი ქმედითობისათვის აუცილებელია, პასუხი იქნას გაცემული შემდეგ კითხვაზე - როგორი უნდა იყოს კანონი? ამ უკანასკნელს თუ უგულებელვყოფთ, მაშინ სახელმწიფოს შეეძლებოდა, ნებისმიერი შინაარსის კანონი გამოეცა, რაც ზრდის ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკს. სახელმწიფოს მიერ ყველა ფორმალური წესის დაცვით მიღებული ნორმაც შეიძლება იყოს უსამართლო. აქედანგამომდინარე, სამართალი უნდა იყოს სამართლიანი, სამართლბრივი სახელმწიფო კი სამართლიანი სამართლით შებოჭილ სახელმწიფოს გულისხმობს. იმისათვის, რომ სამართალი მივიჩნიოთ სამართლიანად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იგი აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: 1) კანონმდებლობით აღიარებულია ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, 2) ამასთან, არსებობს ამ უფლებების ნამდვილი არსით სრულყოფილი სარგებლობის შესაძლებლობა და ამ სრულყოფილი სარგებლობით თვითრეალიზაცია, 3) უზრუნველყოფილია უფლებების დარღვევის პრევენციისა და დარღვეული უფლების აღდგენის ქმედითი მექნიაზმები[5].

უწინარეს ყოვლისა, ყურადღება უნდა გამახვილდეს თანაზომიერების პრინციპზე, რომელიც სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედი და განუყოფელი ნაწილია. დემოკრატიული საზოგადოების შექმნისა და შენარჩუნების საზღაური მდგომარეობს იმაში, რომ კონკრეტული ადამიანების, ან თუნდაც უმრავლესობის ინტერესები ყოველთვის ვერ იქნება წინა პლანზე წამოწეული და სწორედ ამიტომ სახელმწიფო მიილტვის კერძო და საჯარო ინტერესებს შორის გონივრულად, რაციონალურად დაბალანსებული სისტემის შექმნისაკენ.[6]ინდივიდის თავისუფლების იდეა სიცოცხლისუნარიანია მხოლოდ სხვათა უფლებებითა და თავისუფლებებით, ასევე სხვა ლეგიტიმური ინტერესებით შეზღუდვის პირობებში. შესაბამისად, უფლებათა უმრავლესობის შეზღუდვა აუცდენელია, რადგან მათი რეალიზაცია ხშირად წარმოშობს ღირებულებათა კონფლიქტს. ღირებულებათა კონფლიქტის სირთულე ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ ერთმანეთს უპირისპირდება კანონიერი ინტერესები...ამ დილემიდან გამოსავალი დემოკრატიულ საზოგადოებაში ერთადერთია-სამართლიანი ბალანსის მიღწევა. მაშინ, როდესაც ინტერესების დაპირისპირება აუცდენელია, წარმოიშობა მათი ჰარმონიზაციის, სამართლიანი დაბალანსების აუცილებლობა.[7]აქედან გამომდინარეობს, რომ ადამიანის ყველა უფლების აბსოლუტურად, შეუზღუდავად, უნივერსალურად გამოცხადება, საბოლოო ჯამში, მძიმე შედეგს გამოიღებს, რადგანაც ვერ მიიღწევა სხვათა უფლებებს შორის გონივრული ბალანსი და წონასწორობა საზოგადოებაში, ზემოხსენებული განაპირობებს ანარქიასა და დისჰარმონიას.

თანაზომიერების პრინციპი განსაზღვრავს, თუ რამდენად წარმატებით ართმევს თავს სახელმწიფო ამოცანას, რამდენად აკურატულია ადამიანის უფლებებში ჩარევისას და აკონტროლებს ყოველივე ამას, იგი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის სამართლიანობის შეფასების ობიექტური საზომია.[8] საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ადამიანისძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება. საინტერესოა, თუ რა არის ლეგიტიმური მიზანი - ეს გახლავთ ინტერესი, სიკეთე, რომლის დაცვის ვალდებულებაც ხელისუფლებას კონსტიტუციით აკისრია. ლეგიტიმურიმიზნის არ არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლების შეზღუდვა წინააღმდეგობაში მოდის თანაზომიერების კონსტიტუციურ პრინციპთან, რადგანაც ადამიანის უფლების შეზღუდვას ამ კონკრეტულ შემთხვევაში დემოკრატიული საზოგადოება არ მოითხოვს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლის მიერ შერჩეული რეგულაცია იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული. ამ სამი მათგანიდან, შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი დატვირთვა აუცილებლობის ელემენტს ენიჭება, რაც გულისხმობს, რომ მიზნის მიღწევის ალტერნატიული საშუალებების არსებობის შემთხვევაში, მათ შორის არჩეულ უნდა იქნეს ყველაზე ნაკლებად მზღუდავი.[9]

და ბოლოს აუცილებელია აღინიშნოს, რომ ვერცერთი სიკეთის დაცვა ვერ გაამართლებს ადამიანის წამებას, არაჰუმანურ მოპყრობას, პატივისა და ღირსების შემლახველ ქმედებას ან სასჯელს. აბსოლუტური უფლებების გარდა, სახელმწიფოს შეუძლია შეზღუდოს ნებისმიერი სხვა უფლება, მაგრამ ხელისუფლებას მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლია გარკვეული ზომების მიღება და მაშინ შეუძლია იმოქმედოს, როცა იგი უფლებამოსილია ან შეუძლია თავისი გადაწყვეტილების დასაბუთება.[10] სამართლებრივი სახელმწიფოს გარეშე წარმოუდგენელია ჰარმონიული გარემოს შექმნა და ადამიანის უფლებებისადმი აკურატული მოპყრობა. თუ უმრავლესობა არაა შებოჭილი კანონით, ის შესაძლოა ტირანად იქცეს. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი ამცირებს ხელისუფლების მხრიდან თვითნებობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკებს.





ავტორები: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტები - საბა პეტრიაშვილი და ანუკი გელაშვილი







გამოყენებული ლიტერატურა


1. 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოსმოქალაქეები – დავითჯიმშელეიშვილი, ტარიელგვეტაძედანელიდალალიშვილისაქართველოსპარლამენტისწინააღმდეგ.’’

2. ვ.გონაშვილი, ქ.ერემაძე, გ.თევდორაშვილი, გ.კახიანი, გ.კვერენჩხილაძე, ნ.ჭიღლაძე, საქართველოსსაკონსტიტუციოსამართალი, თბილისი, 2020 წელი.

3. ვ.გონაშვილი, ქ.ერემაძე, გ.თევდორაშვილი, გ.კახიანი, გ.კვერენჩხილაძე, ნ.ჭიღლაძე, შესავალი საკონსტიტუციო სამართალში, თბილისი, 2016 წელი.

4. ვ.გონაშვილი, ქ.ერემაძე, გ.თევდორაშვილი, გ.კახიანი, გ.კვერენჩხილაძე, ნ.ჭიღლაძე, საქართველოსსაკონსტიტუციოსამართალი, თბილისი, 2017 წელი.

5. საქართველოსსაკონსტიტუციოსასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრისგადაწყვეტილებაN-1/1/477 საქმეზე „საქართველოსსახალხოდამცველისაქართველოსპარლამენტისწინააღმდეგ’’.

6. დ.გეგენავა და სხვები, შესავალი საქართველოს საკონსტიტუციო სამართალში, 2019 წელი.

7. ა.შაიო, ხელისუფლების თვითშეზღუდვა, კონსტიტუციონალიზმის შესავალი, მეცნიერული რედაქცია და წინათქმა თ.ნინიძის.

[1] 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე დანელი დალალიშვილისაქართველოს პარლამენტისწინააღმდეგ.’’ [2] ვ.გონაშვილი, ქ.ერემაძე, გ.თევდორაშვილი, გ.კახიანი, გ.კვერენჩხილაძე, ნ.ჭიღლაძე, საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, თბილისი, 2020 წელი, გვ.36. [3] ვ.გონაშვილი, ქ.ერემაძე, გ.თევდორაშვილი, გ.კახიანი, გ.კვერენჩხილაძე, ნ.ჭიღლაძე, შესავალი საკონსტიტუციო სამართალში, თბილისი, 2016 წელი, გვ.16. [4] ვ.გონაშვილი, ქ.ერემაძე, გ.თევდორაშვილი, გ.კახიანი, გ.კვერენჩხილაძე, ნ.ჭიღლაძე, შესავალი საკონსტიტუციო სამართალში, 2016 წელი, გვ.88. [5] ვ.გონაშვილი, ქ.ერემაძე, გ.თევდორაშვილი, გ.კახიანი, გ.კვერენჩხილაძე, ნ.ჭიღლაძე, საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, თბილისი, 2017 წელი, გვ.90. [6] ვ.გონაშვილი, ქ.ერემაძე, გ.თევდორაშვილი, გ.კახიანი, გ.კვერენჩხილაძე, ნ.ჭიღლაძე, შესავალი საკონსტიტუციო სამართალში, თბილისი, 2016 წელი, გვ.94. [7] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებაN-1/1/477 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’. [8] ვ.გონაშვილი, ქ.ერემაძე, გ.თევდორაშვილი, გ.კახიანი, გ.კვერენჩხილაძე, ნ.ჭიღლაძე, შესავალი საკონსტიტუციო სამართალში, თბილისი, 2016 წელი, გვ.96. [9] ვ.გონაშვილი, ქ.ერემაძე, გ.თევდორაშვილი, გ.კახიანი, გ.კვერენჩხილაძე, ნ.ჭიღლაძე, შესავალი საკონსტიტუციო სამართალში, თბილისი, 2016 წელი, გვ.103. [10] ა.შაიო,ხელისუფლების თვითშეზღუდვა, კონსტიტუციონალიზმის შესავალი, მეცნიერული რედაქცია და წინათქმა თ.ნინიძის, გვ.264.

349 views0 comments
bottom of page